17/07/2024
14:11
სპორტი
ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა ტურნირზე განთესვის სისტემა პირველად იქნება შემოღებული. ტურნირის ფავორიტები ერთმანეთს ადრეულ ეტაპებზე აღარ შეხვდებიან. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის თითოეულ წონაში რვა განთესილი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, პირველი ნომერი მერვეს დაუწყვილდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე მეხუთეს. ნახევარფინალში რეიტინგის ლიდერი მეოთხე ნომერს შეხვდება, მეორე კი – მესამეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) გენო პეტრიაშვილი (მე-2 განთესვა) ფინალამდე ვერ დაუპირისპირდება თავის ძირითად კონკურენტებს – ამირ ზარესა და ტაჰა აკგულს. ირანელი ფალავანი პირველი ნომერია, თურქი კი – მეოთხე. თავისუფალ ჭიდაობაში ქართველებიდან განთესილი იქნება ასევე გივი მაჭარაშვილიც (97 კგ.).
განთესილთა შორის ვერ მოხვდნენ ვერც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სხვა წევრები და ვერც ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენები.
შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს, მოჭიდავეთა ტურნირი კი 5-11 აგვისტოს გაიმართება.
0
0