28/07/2024
15:38
სპორტი
მასალა შესწორებულია. პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა მონაკვეთმა, სახელწოდებით „დღესასწაული“, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ მონაკვეთმა, რომელიც ჰგავდა ბიბლიურ სცენას, იესო ქრისტესა და მისი მოციქულების ბოლო ვახშამს, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე იყო და რომელშიც მონაწილეობდნენ დრაგ ქუინები, ტრანსგენდერი მოდელები და შიშველი მომღერალი, რომელიც ბერძენ ღმერთს, დიონისეს განასახიერებდა, გამოიწვია კათოლიკური ეკლესიისა და მორწმუნე ხალხის შეშფოთება ამერიკაში.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი განაცხადა, რომ მათ გაითვალისწინეს პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორების განმარტება.
როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ამაყობს მისი მდიდარი კათოლიკური მემკვიდრეობით, ასევე აქვს დიდი ხნის სეკულარიზმისა და ანტიკლერიკალიზმის ტრადიცია, მკრეხელობა არა მხოლოდ მიღებულია, არამედ ბევრი სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვან ელემენტადაც განიხილავს.
„ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“, – განაცხადა პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა, ენ დეკამპმა.
ოლიმპიადის ორგანიზატორებმა არაერთხელ უარყვეს გავრცელებული მტკიცებები, თითქოს სცენა “საიდუმლო სერობასთან” არის კავშირში. მიუხედავად საზოგადოების აღქმისა, The Associated Press-თან მთავარი სამხატვრო ხელმძღვანელი, თომას ჯოლი განმარტავს, რომ მისი განზრახვა არ ყოფილა “საიდუმლო სერობის” იმიტირება და რეალურად ასახავდა მრავალფეროვნების ზეიმს, ხოლო მაგიდა ფრანგულ გასტრონომიასთან იყო კავშირში.
“ეს არ არის ჩემი შთაგონება [საიდუმლო სერობა]. მაგიდაზე არის დიონისე, რადგან ის ბერძნულ მითოლოგიაში ზეიმის ღმერთია. ღმერთი ღვინის, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი მშვენებაა. ასევე, [დიონისე] არის ქალღმერთ სეკუანას მამა, რომელიც დაკავშირებულია მდინარე სენასთან. იდეა იყო ოლიმპოს ღმერთებთან დაკავშირებული წარმართული დღესასწაულის მოწყობა. თქვენ ვერასოდეს იპოვით ჩემში ვინმეს დაცინვისა თუ დამცირების სურვილს”, - აღნიშნა ჯოლიმ ფრანგულ მედია BFMTV-სთან ინტერვიუშიც.
„როიტერის“ ცნობით, ჰუგო ბარდინი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ მონაკვეთში და დრაგ ქუინია, იმედგაცრუებულია პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორების განცხადებით.
„ბოდიში ნიშნავს შეცდომის აღიარებას, იმის აღიარებას რომ შენ განზრახ გააკეთე რაღაც ზიანის მომტანი, რაც ასე არ იყო. ხალხს აწუხებს არა ის, რომ ჩვენ განვასახიერეთ ნახატი, არამედ ის, რომ ქვიარ ადამიანებმა განასახიარეს ეს“, – თქვა ბარდინმა.
გარდა ამისა, სცენის მონაწილე ერთ-ერთმა დრაგ ქვინმა, პიჩემ თქვა, რომ “არავინ ყოფილა ჩაცმული იესოს მსგავსად, არავის გაუკეთებია მისი პაროდია, არც ჩაცმულობით და არც ქცევით”.
გარდა ორგანიზატორების განმარტებისა, ექსპერტები მიუთითებენ დეტალებზე, რომლებიც სცენის “საიდუმლო სერობასთან” კავშირს უარყოფს. მაგალითად, რენესანსის ხელოვნების ექპერტი ლუიზ მარშალი მიუთითებს, რომ ოლიმპიადის გახსნის სცენაში მაგიდასთან, სულ მცირე, 17 დრაგ ქვინი იდგა, განსხვავებით იესოს 12 მოციქულისგან. მისივე განმარტებით, “საიდუმლო სერობის” ფრესკაზე, როგორც წესი, მოციქულები 3-4 ჯგუფად არიან შეკრებილი და მათი გამოსახულებები ერთმანეთს ვიზუალურად, ჟესტებით უკავშირდება. თუმცა, დრაგ ქვინების პოზები მეტად ჰგავდა ცეკვის სტილს, რომელიც დრაგ კულტურასთან არის მჭიდრო კავშირში. ლუიზ მარშალი ასევე აღნიშნავს, რომ სუფრაზე უნდა იდოს საჭმელი, რაც ვახშამთან არის კავშირში და არა ხილთან, რომლის ლანგარშიც დიონისე იჯდა.
0
0