13/11/2024
10:33
პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ექნება საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია.
როგორც ბეჟაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, კონსტიტუციით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი, დეპუტატები კი ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს. მისივე თქმით, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკო-ს, არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.
„კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი.
დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ხდება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე - ცესკო-მ უნდა დაარეგისტრიროს/დაადასტუროს მინიმუმ 100 დეპუტატის არჩევა.
რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია არჩევნებს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია.
შესაბამისად, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვოს ცესკო-ს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.
ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება.
სხვა შემთხვევაში ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და ამ ოქმის საფუძველზე მოხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ მანდატებზე უარის თქმა, იქნება მხოლოდ უარი მანდატებზე და არა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტის დელეგიტიმაცია.
ვინც ამბობს, რომ ასეთი პროცედურა არ არსებობს - ტყუის.
პასუხი კონსტიტუციაშია (არაა აუცილებელი ყველაფერი საარჩევნო კოდექსში ეწეროს) სწორედ კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ. შესაბამისად ვერ ცნობ მის უფლებამოსილებას თუ ის წინასწარ აცხადებს უარს.
ასე, რომ ვაჩვენოთ ერთიანობა და მოვახდინოთ გაყალბებული პარლამენტის დელეგიტიმაცია“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
0
0