02/02/2024
12:29
კულტურა
მსოფლიოში სახელგანთქმულ კინოხელოვანს, გენიალურ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს, დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა, ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ოთარ იოსელიანი დაიბადა ქ. თბილისში 1934 წელს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (კომპოზიციის, სადირიჟორო და ფორტეპიანოს განხრით). 1953 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1965 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორი განყოფილება, ა. დოვჟენკოსა და მ. ჭიაურელის სახელოსნო.
1956 წლიდან, სწავლასთან ერთად, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, 1956-1959 წლებში - მემონტაჟედ, 1959-1961 წლებში - დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, 1961 წლიდან კი იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი.
პირველივე დოკუმენტურ მინიატურაში „საპოვნელა“ (მებაღე-დეკორატორ მიხეილ მამულაშვილზე, 1959) პოეტურად გაჟღერდა ბუნებისა და ცივილიზაციის კონფლიქტის თემა. რეჟისორი ჭეშმარიტი და მოჩვენებითი ღირებულებების პრობლემას შეეხო კინონოველაში „აპრილი“ (1961). ცხოვრებისეული სინამდვილის ძიებაში რამდენიმე თვე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში იმუშავა და გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუჯი“ (1964).
ახალგაზრდა ნონკონფორმისტზე გადაღებულ პირველივე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „გიორგობისთვე“ (1966) გამოიკვეთა მისი კინოპოეტიკის თავისებურებები - დოკუმენტურად ასახული სინამდვილისა და პირობითობის სინთეზი, ნოველის სტრუქტურა, ტიპაჟურობის პრინციპით მსახიობთა შერჩევა. ფილმმა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის კანის კინოფესტივალზე ფიპრესისა და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა.
ოთარ იოსელიანს აღიარება მოუტანა ფილმებმა: „იყო შაშვი მგალობელი“ (1970; პრიზი წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, იტალია, 1972) და „პასტორალი“ (1976; ფიპრესის პრიზი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1982). ამ ფილმებში უფრო ნათლად გამოიკვეთა ადამიანურ ურთიერთობათა რღვევის შედეგად ტრადიციების უარყოფით, ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიის თანდათანობით გაქრობით, მომხმარებლური სულისკვეთების დამკვიდრებით გამოწვეული ავტორის ტკივილი, ფიქრი ცხოვრების წარმავლობასა და ადამიანის დანიშნულებაზე.
საბჭოთა ცენზურასთან დაპირისპირების გამო ემიგრაციაში წასვლა მოუხდა. 1984 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.
მსოფლიო აღიარება მოუტანა საფრანგეთში გადაღებულმა პირველივე მხატვრულმა ფილმმა „მთვარის ფავორიტები“ (1984; 1985 - ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, OCIC-ის პრიზი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, CICAE-ს პრემია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე).
1988 წელს ო. იოსელიანმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „პატარა მონასტერი ტოსკანაში“ (1988 - SCAM-ის პრიზი წლის საუკეთესო ფრანგული დოკუმენტური ფილმისთვის).
უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა მისი შემდგომი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „და იქმნა ნათელი“ (1989; ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1989) და უამრავი პრიზით აღნიშნული „პეპლებზე ნადირობა“ (1992; იტალიელ კინოკრიტიკოსთა სპეციალური პრიზი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, CICAE-ს პრემია, ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრემია 1992 წლის საუკეთესო კინონაწარმოებისთვის, იტალიის კულტურის სამინისტროს კომისიის პრემია, მოსკოველ კინოკრიტიკოსთა პრიზი 1992 წლის უცხოური ფილმისთვის, პრემია იტალიაში 1992 წლის საუკეთესო სცენარისთვის; 1993 - ანდრეი ტარკოვსკის ფონდის პრემია მოსკოვის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე, რუსეთის პრემია „ტრიუმფი“).
1995 წელს ტელეარხ „არტეს“ დაკვეთით გადაიღო დოკუმენტური ვიდეოფილმი „მარტოდმარტო საქართველო“, სადაც XX საუკუნის საქართველოს ისტორია და უახლოესი წარსულის დრამატული მოვლენები ქვეყნის მრავალსაუკუნოვან წარსულთან და მარადიულ ღირებულებებთან დაკავშირებით არის გააზრებული.
საქართველოში დაბრუნებულმა ოთარ იოსელიანმა გადაიღო საოცარი კინონამუშევარი - „ყაჩაღები, თავი VII“ (ჟიურის დიდი პრიზი რეჟისურისთვის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1996; რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ საუკეთესო რეჟისურისთვის , 1997).
რეჟისორის შემდგომი პერიოდის კინოშედევრებია: „მშვიდობით ხმელეთო“ (1999; 2000 წ. - ლუი დელიუკის პრიზი წლის საუკეთესო ფრანგული ფილმისთვის, პრიზი „ოქროს ვერძი“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფიპრესის პრიზი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე), „ორშაბათის დილა“ (2002; ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფიპრესის პრიზი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2002) და „ შემოდგომის ბაღები“ (2006; ჟიურის სპეციალური პრიზი მარ დელ პლატას საერთაშორისო კინოფესტივალზე , 2007).
პარიზში, ვენეციაში, ბასკეთის, პროვანსის, ტოსკანისა თუ აფრიკის სოფლებში გადაღებული მისი ფილმები საქართველოში დაწყებული თემების ვარიაციებია, რომლებშიც ის თანამედროვე სამყაროს გამოწვევების მიმართ თავის ეჭვსა და ირონიას გამოხატავს.
ოთარ იოსელიანი იყო ევროპის კინოაკადემიის წევრი, საერთაშორისო კინოფესტივალებისა და პროფესიული პრემიების მრავალგზის ლაურეატი, ევროპული საავტორო კინოს შეუვალი ავტორიტეტი. მან შექმნა საკუთარი სტილი და სამყარო, მიაგნო საკუთარ „მელოდიას“, რომლის არანჟირებაც დიდი ოსტატობითა და ერთგულებით შეეძლო. საქართველოსა და უცხოეთში გადაღებული მისი ფილმები ერთი უწყვეტი, დაუსრულებელი ამბავია, „ადამიანთა კომედიად“ გააზრებული დიდი ტილო, რომელზეც ყოველი ახალი ფილმი „ცხოვრების პიესის“ მომდევნო აქტად იქცევა.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ფილმად უჩვენეს ავტობიოგრაფიულ მოტივებზე შექმნილი „შანტრაპა“ (ვიგოს სახელობის პრემია კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე). რეჟისორის ბოლო ფილმია 2015 წელს გადაღებული „ზამთრის სიმღერა“ (ჟიურის სპეციალური პრიზი ლისაბონის კინოფესტივალზე , 2016).
ოთარ იოსელიანი იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2006), ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდოს - Pardo alla carriera-ს (2023), რუსეთის კინემატოგრაფიული პრემია „ნიკას“ ჯილდოს - „პატივი და ღირსება“ (2019) და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდოს (2022) მფლობელი.
ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში, ქ. თბილისში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ოთარ იოსელიანის ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს ქართული და მსოფლიო კულტურის განვითარებაში. - წერს სამინისტრო.
0
0