06/12/2022
00:25
კულტურა
ოსკარზე წარსადგენი "დიდი შესვენების" ჩვენება თბილისში - 6 და 9 დეკემბერს, ოსკარზე წარსადგენი, ქართული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - "დიდი შესვენების" ჩვენება გაიმართება თბილისში, კინოთეატრ “ამირანში”. ჩვენება თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში იმართება. როგორც კინოთეატრში აცხადებენ, ორივე ჩვენებაზე დასასწრები ბილეთები ყველა გაყიდულია.
"დიდი შესვენება'' ქართველი სცენარისტისა და რეჟისორის, დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც 8-18 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებით შედგა. ფილმის პირველ საჯარო ჩვენებას Scotiabank Theatre Cinema-ში საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კანადაში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში დავით ფირცხალავას ამ ფილმისთვის გადაეცა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო “ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე”, სადაც “დიდი შესვენების” ევროპული პრემიერა გაიმართა. ფილმი წარდგენილი იყო ნომინაციაში - ''საუკეთესო საერთაშორისო ფილმი''. ფირცხალავა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, საქართველოს, რომელიც შევიწროვებულია, მაგრამ მალე აღდგება!"
ცნობისთვის, ფილმი წარმოებულია საპროდიუსერო კომპანია “მილიმეტრ ფილმის” მიერ. წარმოება მხარდაჭერილია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ.
რეჟისორი და სცენარის ავტორია დავით ფირცხალავა; პროდიუსერები - “მილიმეტრ ფილმი” | სულიკო წულუკიძე, თიკო ნადირაშვილი, თედო დოლიძე; ოპერატორი - შალვა სოყურაშვილი; დამდგმელი მხატვრები არიან - ბერდია არაბული, გურამ ნავროზაშვილი; კოსტუმების მხატვრები - ქეთევან გუნია, თათია მოდებაძე.
ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან თედო დოლიძე და დავით უჯმაჯურიძე.
როლებში: შაკო მირიანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, სანდრო კალანდაძე, გაგა შიშინაშვილი, დავით ჩიტაია, გოგა ქობალია, ბიძინა ნიჟარაძე, გიორგი მაზავრიშვილი, მარიამ ფირცხალავა, გიგი რეხვიაშვილი,
ზვიად ფირცხალავა.
რაც შეეხება ოსკარზე წარდგენას, საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმად დავით ფირცხალავას "დიდი შესვენება“ სექტემბერში შეირჩა. გადაწყვეტილება 12-კაციანმა ჟიურიმ მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის შეტანა 9 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024