19/01/2024
23:46
სპორტი
საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“, – რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს, – პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, დიდი ალბათობით, ბრალი წარედგინება კაპიტალის ფიქტიური მატების ბრალდებით.
როგორც იტალიური სპორტული გამოცემა, „გაზეტა დე ლო სპორტ“ წერს, რომის პროკურატურამ დღეს, 19 იანვარს დაასრულა გამოძიება ამ საქმეზე და ახლა ორი ვარიანტი აქვს: ან უარი თქვას დე ლაურენტისის სამართლებრივ დევნაზე (გამოცემის შეფასებით, ეს „რთული იქნება“), ან სასამართლოში გადაინაცვლოს და „ნაპოლის“ მფლობელს ბრალი წარუდგინოს.
საქმის სასამართლოში წასაღებად პროკურორებს ოცი დღე აქვთ. ამ დროის განმავლობაში შეიძლება დე ლაურენტისის დაკითხვა; ასევე, მას შეუძლია თავის გამამართლებელი პოზიცია წარადგინოს. მის გარდა, გამოძიება ეხება კლუბის სხვა ფუნქციონერებსაც – მათ შორის მფლობელის მეუღლეს, ორ შვილსა და დირექტორთა საბჭოს ზოგ წევრს.
საქმე ეხება „ნაპოლის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს კლუბში. იგი ნეაპოლიტანელებმა 2020 წელს 71,2 მილიონ ევროდ (პლუს 10 მლნ ბონუსი) შეიძინეს ფრანგული „ლილისგან“.
ნაპოლიმ ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 50 მლნ ევრო გადაიხადა. ამავე დროს, გარიგების ფარგლებში, საფრანგეთში გაემგზავრა „ნაპოლის“ ოთხი ფეხბურთელი, რომელთა ჯამური ღირებულება 21 მილიონად შეფასდა. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ მალევე სამი მათგანი საერთოდ გაქრა ფეხბურთის სამყაროდან, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ეს თანხა რეალურად მათ ღირებულებას არ წარმოადგენდა და გარიგებას ფიქციური ხასიათი ჰქონდა.
ამის გამო პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება ბუღალტერიის არაკეთილსინდისიერად წარმოების გამო.
ამგვარი საქმეები არცთუ ისე იშვიათია ფეხბურთში, განსაკუთრებით კი, იტალიაში.
“ნეტგაზეთი”
0
0