20/11/2024
20:02
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ უნგრელებს მიმართა და უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს.
„უკრაინიდან საშინელი ამბები გვაქვს. ამიტომაც მოვიწვიე თავდაცვის საბჭო. ომის ორი ყველაზე საშიში თვე წინ გველოდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებით შესაძლებელია მშვიდობა, ან თუნდაც ცეცხლის შეწყვეტა. თუმცა, ომის მომხრე მთავრობა შეერთებულ შტატებში კიდევ ორი თვის განმავლობაში რჩება ხელისუფლებაში“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე ბირთვული დოქტრინის განახლების შესახებ.
„ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებმა გუშინ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გაუშვეს და რუსებმა საპასუხოდ უფრო მკაცრი ბირთვული დოქტრინა მიიღეს. მოვისმინე თავდაცვის საბჭოს ანგარიში. ესკალაციის, ომის გავრცელების რისკი არასდროს ყოფილა იმაზე დიდი, ვიდრე უახლოეს კვირებში იქნება. უნგრეთის მთელი ცოდნა, რესურსი და დიპლომატიური გამოცდილება იქნება საჭირო ამ ომის თავიდან ასაცილებლად. უნგრეთი არ უნდა გაეხვეს ამ ომში“, - დასძინა მან.
0
0