24/10/2024
23:56
არჩევნები 2024
მინდა მივესალმო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მადლობა გადავუხადო მას იმ ბრძოლისთვის, ლიდერობისთვის და დროშისთვის, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქვია ევროპაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის საარჩევნო შემაჯამებელ ღონიძიებაზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ორ დღეში ჩვენ "შეგვიძლია შევცვალოთ ქვეყანაში რეალობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება" და ძლიერი საქართველოს მშენებლობა დაიწყოს.
ხაზარაძემ ისაუბრა მისი გაერთიანების პროგრამაზე - "ილიას გზა" და აღნიშნა, რომ პროგრამა და დაგეგმილი რეფორმები, თითოეულ მოქალაქეს მისცემს, თავი იგრძნოს ღირსეულად.
„22 წლის ვიყავი, როდესაც ბერლინის კედელი ჩამოინგრა, მაშინ გამიჩნდა პირველი სურვილი, რომ ჩვენც შევძლებდით ამ გზაზე დადგომას, მას მერე ყველაფერი გავაკეთე ბადრი ჯაფარიძესთან და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ამ პერიოდში, როცა ბიზნესში ვიყავით, შემოგვეტანა ევროპული ტექნოლოგიები, ევროპული განათლება, ევროპული ინვესტიცია, შევქმენით ათეულობით კომპანია. 12 წელია ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა. გააჩერა იმ ტყუილებით და დაპირებებით. გააჩერა იმ დაპირებებით, რომელიც ხალხმა დაიჯერა - ეს იყო 100 ქარხანა, უფასო ფული, ის დაპირებები, რომ ევროპას განსაკუთრებული დემოკრატიით გააოცებდა.
რაც ყველაზე მთავარია, გააჩერა საუკუნის პროექტი ანაკლიის პროექტი, რომელმაც ათიათასობით სამუშაო ადგილი გააქრო, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ეს ყველაფერი შეგვიძლია დავამთავროთ ჩვენ, ორ დღეში, იმიტომ, რომ ორ დღეში ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ამ ქვეყანაში ის რეალობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა შეგვესრულებინა - 20 წელი ამ ქვეყანას ორი პარტია მართავდა და ადამიანები არჩევნებზე აღარ მიდიოდნენ, რადგან მათთვის ალტერნატივა აღარ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ახალი კოალიცია, სადაც გაერთიანდა „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჩვენ შევქმენით ახალი რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით.
„ძლიერ საქართველოს“ ძლიერი პროგრამა აქვს, მას ჩვენ „ილიას გზა“ დავარქვით და ვიცით რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის. „ილიას გზაში“ გაწერილია ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ჩვენ გვაქვს ისეთი რეფორმები ჩადებული, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს, რომ თავი იგრძნოს ღირსეულად და მიხვდეს რომ ის არის ჩართული ამ ძლიერი ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
ეს არის 1000-ლარიანი პენსია, სამართლიანი დაბეგვრა სათამაშო და კაზინოების ბიზნესის, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, დავიწყებთ იმ პროექტების დამთავრებას და ახალ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ, როგორიცაა ანაკლიის და ანაკლიის ქალაქის, ქუთაისის გარშემო, კახეთი, იმერეთი და ა.შ. ამ პროექტებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ", - დასძინა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, სხვა პარტიები იძლევიან დაპირებებს, მაგრამ "ძლიერი საქართველო" იღებს ვალდებულებას.
"სხვა პარტიებისგან განსხვავებით ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ ამას პირველივე სამ კვირაში დავიწყებთ, ამ პროცესს და კანონმდებლობაში ცვლილებებს პირველივე სამ კვირაში დავიწყებთ. სხვა პარტიები იძლევიან დაპირებებს, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ!
20 წელი ორი პარტია მართავდა ამ ქვეყანას და რეალურად გაჩნდა ჩვენი სახით ალტერნატივა, რომელსაც კონკრეტული გეგმა და პროგრამა აქვს, მაგრამ რა არის ახალი პოლიტიკის კეთება? ამ ახლი პოლიტიკის კეთება ხალხის მოსმენა და ჩართვაა, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ და მზად არიან საქართველოს სიყვარულისთვის ნებისმიერ საქმეზე წავიდნენ. ეს ის დედები არიან, რომლებსაც თავიანთი შვილებისთვის კარგი მომავალი და განათლება სურთ. ესენი არიან ის ვეტერანები, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს და დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს და ჩვენ ახლა ამ დამოუკიდებლობის დაცვისთვის ვართ შეკრებილები. ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაც უნდათ, რომ აქ შექმნან თავიანთი ცხოვრება და არ იფიქრონ იმაზე რომ ერთადერთი შანსი აქაურობის დატოვებაა და ამ ხალხის ხმა არ ესმის ბიძინას და „ქართულ ოცნებას“, იმიტომ რომ ესენი რუსების ინტერესებს ემსახურებიან და „ქართული ოცნების“ ელიტარულ ჯგუფს, რომლებსაც ხელი ისე ღრმად აქვთ ჩაყოფილი კორუფციაში, რომ უკვე სად წავიდნენ აღარ იციან, ამიტომ უნდათ ხელისუფლების შენარჩუნება.
ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებსაც სუფთა წარსული აქვთ და არ ყოფილან ხელისუფლებაშიც, რომლებსაც აქვთ გეგმა და რომლებიც არიან მოსულები და იღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში.
სწორედ ასეთი ადამიანები არიან „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები. სწორედ ასეთ ლიდერებს უნდა მისცეს ამომრჩევლებმა შანსი, დიახ ეს არის შანსი, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
ორ დღეში ჩვენ გვაქვს უნიკალური მომენტი, რომ ყველა ერთად წავიდეთ და დავამარცხოთ ნიჰილიზმი, რუსული პოლიტიკა და ყველამ ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპარმა გააკეთა, ის არჩევანი რომელიც თქვენ გააკეთეთ და კონსტიტუციაში გვიწერია, ეს არჩევანი არის ევროპული არჩევანი იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა და ერი, ძირძველი ერი და იმ სივრცეში ვართ მშვიდობით, ჩვენი რელიგიის დაცვით, მამულისა და ტერიტორიების დაცვით და სტაბილურობით დაცულები.
ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ერთად ჩავაბაროთ, იმიტომ რომ, მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ქართულ სულთან ერთად ჩვენ გულებში ევროპული სულიც ძგერს!“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0