23/08/2023
14:12
მედიცინა
ოქსფორდის ქირურგებმა დიდ ბრიტანეთში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩაატარეს.
მიმღები 34 წლის ქალი, ხოლო დონორი მისი 40 წლის და იყო, რომელსაც უკვე ორი შვილი ჰყავს. ორივე დამ ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ექიმები ამბობენ, რომ ორივე და ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ტრანსპლანტის მიმღები შემოდგომაზე ინ ვიტრო განაყოფიერებას გეგმავს.
ოპერაცია დაახლოებით 17 საათს გაგრძელდა და მასში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა.
გინეკოლოგმა რიჩარდ სმიტმა, რომელიც ორგანოების გადანერგვის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის კვლევას 25 წელი დაუთმო. BBC-ისთან ინტერვიუში მან ამ ოპერაციას დიდი წარმატება უწოდა და დასძინა, რომ მისი მსვლელობა მთელი ჯგუფისთვის ძალიან ემოციური იყო.
ტრანსპლანტაციის ქირურგი იზაბელ კვიროგა, რომელიც საშვილოსნოს გადანერგვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ “ტრანსპლანტის მიმღები ძალიან ბედნიერია და იმედოვნებს, რომ არა ერთი, არამედ ორი ბავშვის გაჩენას შეძლებს. ქალის საშვილოსნო შესანიშნავად ფუნქციონირებს და ჩვენ მის პროგრესს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით".
რაც შეეხება ოპერაციის საჭიროების მიზეზს, ქალი იშვიათი, ტიპი 1 მაიერ-როკიტანსკი-კუსტერ-ჰაუსერის სინდრომით (MRKH) დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ქალის საშვილოსნო არ არსებობს ან განუვითარებელია, თუმცა მას ფუნქციონირებადი საკვერცხეები გააჩნია.
საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის პირველი შემთხვევა 2014 წელს, შვედეთში იყო, როცა ქალმა 60 წლის მეგობრისგან მიღებული საშვილოსნოთი ბავშვი გააჩინა.
მას შემდეგ მსოფლიოში 100 საშვილოსნოს გადანერგვა განხორციელდა და დაახლოებით 50 ბავშვი დაიბადა, ძირითადად, აშშ-სა და შვედეთში.
ბრიტანეთის საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა სმიტმა თქვა: ”შოკისმომგვრელი სიმართლე ის არის, რომ ამჟამად ჩვენს ქვეყანაში 15 000-ზე მეტი მშობიარობის ასაკის ქალია, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს აბსოლუტური უნაყოფობა. ისინი დაიბადნენ საშვილოსნოს გარეშე, ან გაიკეთეს ჰისტერექტომია კიბოს ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო“.
მანვე აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას უკვე 500-ზე მეტი ქალი დაუკავშირდა, რომელთაც სურთ პროგრამაში მონაწილეობა.
0
0