30/08/2024
16:07
კულტურა
გაუგონარი ფაქტი დაფიქსირდა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ქართული ფილმი „ანტიკვარი”, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების უკანონო დეპორტაციის ამბავს ჰყვება როგორც პირდაპირი ფაქტების, ისე მეტაფორის ენით, საჯარო ჩვენებიდან გააქრეს. მიუხედავად ამისა, ფილმი კონკურსში რჩება და მხოლოდ ჟიურის აქვს მისი ხილვის შესაძლებლობა. ანუ ფილმმა შეიძლება პრიზი ისე მიიღოს, რომ ფესტივალზე საჯარო ჩვენება არ ჰქონდეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ვენეციის ბიენალე, ყოველგვარი მტკიცებულების ან რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტის გარეშე, რუსული კომპანიის ცრუ მტკიცებაზე, რომ ფილმზე უფლებები მას ეკუთვნის, ფილმს კრძალავს საჯარო ჩვენებებიდან.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური მედია და ლიბერალი კინოშანტრაპის ნაწილი სიხარულს არ მალავს ცალსახა ცენზურის ფაქტზე ქართული ფილმის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟისორი მათთვის მიუღებელი პოლიტიკური გემოვნების ადამიანია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთელი ისტერია კინოცენტრის რეორგანიზაციის ირგვლივ იყო და არის პოლიტიკური და პერსონალური ნიშნით გამოწვეული.
„გაუგონარი ფაქტი დაფიქსირდა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ქართული ფილმი „ანტიკვარი”, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების უკანონო დეპორტაციის ამბავს ჰყვება როგორც პირდაპირი ფაქტების, ისე მეტაფორის ენით, საჯარო ჩვენებიდან გააქრეს. მიუხედავად ამისა, ფილმი კონკურსში რჩება და მხოლოდ ჟიურის აქვს მისი ხილვის შესაძლებლობა. ანუ ფილმმა შეიძლება პრიზი ისე მიიღოს, რომ ფესტივალზე საჯარო ჩვენება არ ჰქონდეს.
მომჩივანი რუსული საპროდიუსერო კომპანია მცირე კოპროდუსერის სტატუსით 2019 წელს პროექტში იმიტომ ჩართო ქართველმა პროდიუსერმა, რომ რუსეთში შესაძლებელი ყოფილიყო გადაღების წარმოება, რაც ფილმის სიუჟეტისთვის წარმოადგენდა აუცილებლობას. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, რუსულმა მხარემ მოითხოვა ფილმიდან 16 სცენის ამოჭრა, რაზეც რეჟისორისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ იწყება მთელი ეპოპეა ფილმის წინააღმდეგ, პერსონალური ირიბი თუ პირდაპირი მუქარები, ცრუ ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო კინოსივრცეებში, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ა.შ.
წლის დასაწყისში, კინოცენტრმა ბერლინის კინოფესტივალის პროგრამაში „ამომავალი ვარსკვლავი“ წარადგინა ფილმ „ანტიკვარის“ მთავარი როლის შემსრულებელი სალომე დემურია. ფესტივალმა მისი კანდიდატურა მიიღო და მიანიჭა ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი. იქაც, რუსული მხარე დაუკავშირდა ფესტივალს და მოსთხოვა ფილმის მოხსნა და მსახიობის პროგრამიდან ამოღება. პროგრამაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის, EFP-ს, ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე, მოვახერხეთ, რომ სალომეს მაინც მიეღო დამსახურებული სტატუსი და არ მოეხსნათ პროგრამიდან.
არსებობს არაერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რუსული და ხორვატიული კომპანიების მხრიდან კოპროდუსინგის შეთანხმების დარღვევის ფაქტებს, რის საფუძველზეც კინოცენტრმა კოპროდუსერის სტატუსი შეუჩერა ხორვატიულ მხარეს.
სამწუხაროდ, ვენეციის ბიენალე, ყოველგვარი მტკიცებულების ან რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტის გარეშე (ქართველ რეჟისორს და პროდუსერს ამ მომენტამდე სასამართლოს მხრიდან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია), რუსული კომპანიის ცრუ მტკიცებაზე, რომ ფილმზე უფლებები მას ეკუთვნის, ფილმს კრძალავს საჯარო ჩვენებებიდან. მესამე დღეა მთელი იტალიური პრესა წერს, რომ ეს არის ცენზურა და რუსეთისთვის კოჭის გაგორება. ჩვენი ოპოზიციური მედია და ლიბერალი კინოშანტრაპის ნაწილი კი სიხარულს არ მალავს ცალსახა ცენზურის ფაქტზე ქართული ფილმის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟისორი მათთვის მიუღებელი პოლიტიკური გემოვნების ადამიანია. ანუ, ის ადამიანები თუ ჯგუფები, ვინც ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე კინოცენტრს ბრალს დებდა ცენზურაში, მე მომიხსენიებდნენ ცენზორად და პრორუსად, ქართული ანტიპუტინისტური ფილმის დაცენზურების ფაქტით გახარებულები არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთელი ისტერია კინოცენტრის რეორგანიზაციის ირგვლივ იყო და არის პოლიტიკური და პერსონალური ნიშნით გამოწვეული. ეროვნული კინოცენტრი მხარს უჭერს და ბოლომდე დაეხმარება ფილმ „ანტიკვარს“ და მის შემოქმედებით ჯგუფს, რომ ფართო აუდიტორიამდე მივიდეს და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“, - წერს ბაჩო ოდიშარია.
0
0