12/10/2024
17:25
არჩევნები 2024
ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რაც არ უნდა სცადონ, რომ გაზვიადებულად წარმოაჩინონ საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში მმართველი პარტიის მხრიდან არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ძალადობასა, თუ სხვა პრეტენზიებზე არ არის საუბარი, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, არამედ პირიქით, აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიდის.
„მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნა. ფაქტია და ყველამ ნახა, რომ რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა. აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში, რომ შეიძლება, არის მხოლოდ ცალკეული ექსცესები; სხვათა შორის, ესეც აღნიშნული აქვს ეუთო/ოდირს, როდესაც საუბარია დარღვევებზე, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევა და ა.შ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც იყო ეს დარღვევები. აღნიშნული აქვს მთავარ პრობლემად პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში, მათ შორის, იქ საუბარი არის სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით, ხედავთ რთული მდგომარეობაა. ჩვენ მივაწოდეთ დათვლილი დეტალური ინფორმაცია, რამდენი წამი მოგვპარა „მთავარმა”, „ტვ პირველმა”, „ფორმულამ” „ქართულ ოცნებას“ და ჩაგვაყენა არათანაბარ მდგომარეობაში. სხვა პარტიებთან შედარებით, ჯამში ხუთ საათზე მეტი. ხუთ საათზე მეტი სარეკლამო დრო მოიპარა ამ სამმა ტელევიზიამ საკუთარი პარტიული ბოსების სასარგებლოდ. ჩვენ მივაწოდეთ ეს დეტალური ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემდეგ ანგარიშში ასახული იქნება ეს დეტალები. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია. დაჯამებულია, რომ მშვიდი გარემოა, სადაც არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალადობა, თუ სხვა პრეტენზიები არ არის, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, ამ მხრივ არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის. პირიქით, აღნიშნულია, რომ მშვიდ გარემოში მიდის მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული.
0
0