18/09/2024
18:15
სპორტი
Athens-times-ის ინფორმაციით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი მატჩის წინ პირჯვრის გადაწერის გამო 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
მაიდოვი Instagram-ზე წერს, რომ ოლიმპიადაზე ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან საჭიდაოდ გასვლისას პირჯვრის გადაწერა - რელიგიური მრწამსის დაფიქსირება - მისი დასჯის მიზეზი გახდა.
„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რელიგიური ეთიკის დარღვევისთვის - უფრო კონკრეტულად, მატჩის დაწყების წინ პირჯვრის გადაწერის გამო - 5 თვით დამსაჯა. ყველა ტურნირში მონაწილეობა ამეკრძალა. არც კი ვიცოდი, რა ტიპის სასჯელი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირჯვრის გადაწერის გამო, რა თქმა უნდა, ბოდიშს არასდროს მოვიხდი. ღმერთმა ყველაფერი მომცა პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც და ღმერთის მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის. ღმერთმა მიწყალობა დიდი კარიერა, 7 ევროპული და 3 მსოფლიო მედალი. როცა სპორტული კარიერა დავიწყე, მინიმუმ, ერთი მედლის მოპოვებაზე ვოცნებობდი. რწმენა ჩემთვის ნომერ პირველია, ვამაყობ ამით და აზრს არ შევიცვლი. იესო ქრისტეს შემწეობით ახალ წარმატებას მივაღწევ. ვწუხვარ, რომ ისეთი ლამაზი და რთული სპორტი, როგორიც ძიუდოა, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა,“ - წერს მაიდოვი.
როგორც გამოცემა წერს, ოლიმპიადაზე პირჯვარს იწერდნენ სხვა ძიუდოისტებიც, მათ შორის კახა ბექაური, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ემუქრებათ თუ არა მათ დისკვალიფიკაცია ან გაფრთხილება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024