08/01/2024
20:30
კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა, ორშაბათს საღამოს დაკეტეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით მთაში გადაუღებლად თოვს, რაც ზვავსაშიშროებას ქმნის. ცენტრალურ მაგისტრალზე კი ასეთ პირობებში გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ამჟამად როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. დე ფაქტო უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის მოხდება გზის გახსნა, მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობისა და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი გარკვეული დროით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.
0
0