14/02/2024
13:43
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალისტმა ისის ჭანიამ დაწერა.
„არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც კრძალავს სახელმწიფო აგარაკის მესამე პირებზე გადაცემას, კონკრეტულად ვიღაცას არ აწყობს. თუმცა, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ არის არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამაში“ - წერს იგი სოციალურ ქსელში.
ახლა ინფორმაცია დაადასტურეს ოპოზიციურმა ძალებმა - „აფსნიმ“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა“, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „არაუამ“, „აფხაზთა სახალხო მოძრაობამ“ და „ჩვენმა დედაქალაქმა“.
„ჩვენს ხელთ გვაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ ჩამოყალიბდეს თავის პოზიციაში - დაადასტუროს თავისი ერთგულება შეთანხმებიდან გამომდინარე დებულებების ან მიღებული საკანონმდებლო აქტების მიმართ მის რატიფიცირებამდე. ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი დაანებოს ჩვეულ კულუარულ მუშაობას და გამოაქვეყნოს მითითებული ნოტა. ასევე, საზოგადოების სრული ნდობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ იყოს შეთანხმებული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას“, - ნათქვამია ოპოზიციონერების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე რატიფიცირება მოახდინა რუსეთ-აფხაზური შეთანხმებისა, რომლითაც დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
0
0