27/07/2023
17:05
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, რაც სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენას შეეხება.
შეთანხმების “რატიფიცირებას” მხარი 30-მა “დეპუტატმა” დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა.
დოკუმენტი „დეპუტატებს“ ე.წ. იუსტიციის მინისტრმა ანრი ბარციცმა წარუდგინა.
აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება არეგულირებს აეროპორტში რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხებს და ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია, ამასთან 25 წელი იმოქმედებს განსაკუთებული საგადასახადო რეჟიმი.
„აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და სარგებლობაში გადაეცემა ინვესტორს. აეროპორტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროსადგური ძველი შენობა, რომელიც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, გადაეცემა ინვესტორს საკუთრებაში. მთავრობათაშორისი შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია. განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის მოქმედების ვადა 25 წელია, შეღავათების ნაწილი შენარჩუნდება შეთანხმების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარემ, ალხას ბარციცმა.
“ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს”, იუწყება სააგენტო Apsnypress.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აღნიშნული ფაქტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0