05/01/2024
14:52
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სომხური და სხვა ეროვნების დიასპორების წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან 2024 წლის მიზნობრივი უწყებათაშორისი პროგრამის „დემოგრაფიის განვითარების“ პუნქტებში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც მხოლოდ აფხაზური ეროვნების წარმომადგენლებს ეხება. ინფორმაციას amralife ავრცელებს.
2023 წლის 29 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ამ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ეს ცვლილება აფხაზი ეროვნების ახალშობილებს შეეხო, რამაც სოციალურ ქსელებში და ტელეგრამ არხებში სხვა ეროვნების ადამიანების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც საკუთარ თავს აფხაზეთის მოქალაქეებად თვლიან.
კერძოდ, აფხაზი ეროვნების პირველი, მეორე და მესამე ბავშვის დაბადებისას მისი მშობლები 100 ათას რუბლს (1090 დოლარს) მიიღებენ, ხოლო მეოთხე და მომდევნო ბავშვის დაბადებისთვის - 200 ათას რუსულ რუბლს (2180 აშშ დოლარს).
„ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყდეს, არის თუ არა აფხაზეთი მრავალეროვნული რესპუბლიკა, თუ არა. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აფხაზები ხდებიან უმაღლესი კლასის, სახელმწიფოს შემქმნელი ეთნოსი, ხოლო აფხაზეთის მოქალაქე სხვა ერების წარმომადგენლები - მეორეხარისხოვანი პირები გახდებიან. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ალექსანდრე ანქვაბის მთავრობა სწორედ მეორე გზით მიდის და მოქალაქეებს აფხაზებად და სხვებად ყოფს“, - წერენ სოც. ქსელების მომხმარებლები.
არააფხაზი ეროვნების წარმომადგენლები წერენ, რომ ამ და სხვა პროგრამების რეალიზებისთვის ისინი და აფხაზები სახელმწიფო გადასახადებს ერთნაირად იხდიან.
0
0