06/10/2023
11:09
კონფლიქტები
აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა.
„ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია ხმამაღლა და მკაფიოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული მოხსენება, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა, რომელზედაც ჩვენ, ევროკავშირმა მოვილაპარაკეთ. ასე რომ, ცხადია, ეს ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
„შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024