20/02/2024
13:23
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ფონზე აფხაზეთში ვიზიტისას უსაფრთხოების რისკების შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტების წინააღმდეგ დანაშაულის რაოდენობის შემცირების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცლებეს.
„აფხაზეთის სტუმრების მიმართ ჩადენილი დანაშაულები წლიდან წლამდე მინიმუმამდე მცირდება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ 2023 წელს, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ 50 დანაშაული დაფიქსირდა ტურისტების წინააღმდეგ, ხოლო წინა წლებში ეს ბევრად მეტი იყო“, - აღნიშნა დე ფაქტო შსს-ს სპიკერმა ირინა კიუტმა.
ე.წ. შსს-ში ამბობენ, რომ აპრილში სოხუმი ზაფხულის არდადეგების სეზონისთვის მზადებას იწყებს და შესაბამისად პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადავა.
ცნობისთვის, 16 თებერვალს რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მკვიდრს ედგარ აბუხბას, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი ქალის წინააღმდეგ „უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა“, სასჯელი შეუმსუბუქეს და ის ციხიდან გაათავისუფლეს.
რუსეთის საგარეო უწყება ამ შემთხვევას რეზონანსულს უწოდებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზეთში დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ძალზე ლმობიერი დამოკიდებულება არსებობს.
„ეს ქმნის რისკებს უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩადიან, რის შესახებაც ჩვენს თანამემამულეებს ვაფრთხილებთ“, - ამბობენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
0
0