26/12/2023
11:53
კონფლიქტები
ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ ინფორმაცია ე.წ. ეკონომიკის მინისტრსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცეპრემიერ ქრისტინა ოზგანს შორის ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ „დაადასტურა სანდო წყარომ“. ოზგანის ზუგდიდში ვიზიტის შესახებ მანამდე „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყებოდა.
„ჩვენ ეს არ გვჯეროდა, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია სანდო წყარომ დაადასტურა. ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები კვლავ მსახურობენ ენგურის საგუშაგოზე“, - თქვეს „არუაში“.
ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, „აფხაზეთის რესპუბლიკის არც ერთი მაღალჩინოსანი არ ჩასულა საქართველოში“, ხოლო ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები ენერგეტიკაზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის რაიონში ხდებოდა.
„(კრისტინა) ოზგანმა საქართველოს ტერიტორიაზე ინკოგნიტოდ იმოგზაურა და აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობას დაუმალა თავისი ვიზიტი. არავინ იცის, რა ისაუბრა ქალბატონმა ოზგანმა და ვის შეხვდა. თუ ეს ენერგეტიკული საკითხებია, მაშინ ჩვენ არ ვიცით რა განიხილეს, რა შესთავაზა აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის სანაცვლოდ - პოლიტიკური დათმობები თუ სხვა? ცოტა ხნის წინ, აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველი დეპუტატების აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლამ და მათ ფარულად სტუმრობამ აფხაზეთის სალოცავებში. მაგრამ არაფერი აჩერებს მათ, ვინც ფლობს ძალაუფლებას და ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. როგორ ბედავთ, პოლიტიკოსებო, ხალხისგან დამალვას, მტრის ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი სახელით მოლაპარაკებას?” - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანხმობის გარეშე „ასეთი მოგზაურობა შეუძლებელი იქნებოდა“. „არუა“ პარლამენტს ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელს „პასუხისგებაში მოცემას“ ითხოვს.
„მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა (კრისტინა) ოზგანმა საჯაროდ უნდა მოუხადოს ბოდიში აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ან დაუყოვნებლივ გადადგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„არუაამ“ მიმართა ამცახარას პარტიას და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეაფასონ ქრისტინა ოზგანის „უკანონო ქმედებები“.
0
0