22/01/2025
12:34
კონფლიქტები
21 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში.
თავად მურადოვმა დანაშაული არც წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოში არ აღიარა, იტყობინება "აფხაზეთის პროკურატურა".
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მურადოვი აფხაზეთის "მოქალაქეა". თუმცა, გასულ წელს, დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა.
მურადოვის სოხუმში დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გავრცელდა. აფხაზეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა" მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა. კერძოდ, მან ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე ისაუბრა.
„მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მიუთითებდა მის მონაწილეობაზე ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში. მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მაცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელებს არ ასახელებდა“, - წერდა მაშინ სააგენტო Apsnypress.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მურადოვს დაევალა რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული მატარებლების მონიტორინგი, რათა გაერკვია, გადაჰყავდა თუ არა იქ ჯავშანტექნიკა ან სხვა სამხედრო ტექნიკა“, - იტყობინება სააგენტო Apsnypress.
0
0