24/02/2024
14:26
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძრის გადახურვა მიმდინარეობს, რისთვისაც დეფაქტო მთავრობამ 8 მილიონი რუსული რუბლი (223 ათას ლარამზე მეტი) გამოყო. ამის შესახებ ტაძრის გადარჩენის ფონდის ხელმძღვანელმა ბელა არშბამ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზური კონფლიქტის დროს, ტაძარი დაზიანდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კედელი, რის შემდეგაც გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ტაძრის გადარჩენის ფონდი, რომლის დამფუძნებელი გახდა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი და რუსეთის დუმის დეპუტატი ოთარ არშბა.
ბელა არშბას ინფორმაციით, ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მოსკოვში მოიძებნა სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე ჩავიდნენ. მათ ჩრდილოეთის კედელთან დაკაშირებით, რომელიც ამ დროისთის მოხსნილია, გეგმა შეიმუშავეს.
არშბას ინფორმაციითვე, ამის შემდეგ დაიწყო სახურავიდან წყლის ჩამოსვლა, რომლის გადახურვაც ოკუპირებული ხელისუფლების დეფაქტო მეთაურთა დახმარებით ხორციელდება.
არშბა აცხადებს, რომ სამუშაოები ისე მიმდინარეობს, რომ არაფრის დაზიანება არ ხდება.
„ასეთი კოლოსალური სამუშაოები, რომელიც ბედიის ტაძარში მიმდინარეობს, სხვაგან არც ერთ ტაძარზე არ ხდება. ვფიქრობთ, რომ სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერი გამოგვივა. მივმართავ ყველას, რომ ვიდრე კრიტიკას დაიწყებთ, თუ რას აკეთებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჯობს, უბრალოდ, გვერდით დაგვიდგნენ, რადგან ეს ღვთივსათნო საქმეა“ - განაცხადა ბელა არშბამ.
აფხაზური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ტაძრის ძველი სახურავის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და დაწყებულია გადახურვა, რომელიც, სულ მცირე, 50 წელს გაძლებს. თუმცა, მათივე ინფორმაციით, სირთულეს წარმოადგენს გუმბათის ცილინდრული ნაწილი, რომელსაც მოგვიანებით მიხედავენ ისტორიკოსებთან და რუს სპეციალისტებთან ერთად.
0
0