22/07/2024
12:58
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში გრძელდება პროტესტი ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ. საუბარია "ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ" კანონზე. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას, ადგილობრივები კი შიშობენ, რომ უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეები ჩაიგდებენ ხელში. აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე იგეგმება, პროექტი მოიცავს მინიმუმ 10 ათასი ნომრის მშენებლობას.
ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ადგილობრივი ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, გუშინ ასეთი შეხვედრა იყო სოხუმსა და გაგრაში. ცნობილია, რომ "აპარტამენტების კანონს" ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ლობირებს.
"ასლან ბჟანია არ მოქმედებს, როგორც ნამდვილი პრეზიდენტი, თორემ ასე როგორ შეიძლება გვექცეოდეს? ის ჩვენზე უნდა ზრუნავდეს თუ საკუთარ თავზე? მას მხოლოდ საკუთარი ჯიბე ადარდებს, აფხაზეთის ბედი მისთვის უინტერესოა. რა გააკეთა მან ხალხისთვის ? არაფერი.ჩვენ ძალიან კარი ახალგაზრდობა გვყავს , კარგი განათლებით და რატომ უნდა მოვიდეს აქ ვიღაც შტერი ხალხი , რომელიც ჩვენებს როგორც მონებს ისე მართავს და რაც მათ მოესურვებათ იმას გაკეთებინებს? ყველამ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ამ კანონის წინააღმდეგ", - თქვა ადგილობრივმა ციალა გალდიამ.
მალხაზ პატარაია "აფხაზთა კრების" თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთი აფხაზეთში თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აგრძელებს. მისი თქმით, ნებისმიერი მინიმალურად თავმოყვარე ხელისუფლება დღეს გააკეთებდა განცხადებას, რომ "ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს დარღვევა, უკანონო, აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა და ყველა ვინც კი ამას განახორციელებს, დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ-ით".
0
0