10/03/2023
20:35
კონფლიქტები
საქართველოს ახლა აფხაზეთზე ფიქრის დრო არ აქვს, იქ ახლა საკუთარი შიდა პრობლემებია. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოჰყვება ამ პრობლემებს. ამის შესახებ TASS-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განუცხადა.
„მეზობელ სახელმწიფოში არასტაბილურობა ყოველთვის უნდა იწვევდეს შეშფოთებას, მით უმეტეს, რომ გვესმის ყველანაირი მოწოდება, რომელიც გვაწუხებს [აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით]. ეს გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ჩვენ, პრინციპში, ყოველთვის მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან არაპროგნოზირებადი ქმედებების მოლოდინში ვართ, რადგან ხელმოუწერელია სამშვიდობო შეთანხმება და ჩვენი ურთიერთობა არ იწვევს ოპტიმიზმს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის“ - განაცხადა შამბამ.
მანვე დასძინა, რომ საქართველოში მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში „მუდმივი აჯანყებებია“, ხოლო სტაბილურობის პერიოდები ძალიან ხანმოკლეა.
იმავდროულად, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ ისინი მუდმივად აკვირდებიან სიტუაციას საქართველოში და აღნიშნავენ, რომ ვითარება დე ფაქტო საზღვარზე სტაბილური რჩება.
„მისი ესკალაციის ტენდენციები არ ფიქსირდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები და კრიზისის პროვოცირების მცდელობები მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში, ბელორუსიაში ერთი და იგივე ჯაჭვის რგოლია“.
0
0