20/06/2022
13:01
მსოფლიო
პარასკევს, უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაში ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი, ქვეყანაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, პირველად გაიხსნა.
"გუშინ, ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თეატრების გახსნას ომის დროსაც ვაგრძელებთ. ჩვენი კულტურა ჩვენი მეორე ფრონტია. ეს ჩვენი იარაღია, რომელმაც ასეთ რთულ დროსაც კი უნდა იმუშაოს", - განაცხადა Twitter-ზე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ.
თეატრის გახსნის ღამეს, ოდესის ეროვნული ოპერის ორკესტრმა და გუნდმა პირველი კონცერტი უკრაინის ეროვნული ჰიმნის საზეიმო შესრულებით დაიწყო.
"სანამ ოდესის ოპერის გული ცემს, ოდესა და უკრაინა ცოცხალი, თავისუფალი, ძლიერი, დამოუკიდებელი და დაუმარცხებელი იქნება!
ოდესის თეატრში დადგმული სპექტაკლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიეძღვნება, რადგან მათი წყალობით საზოგადოებამ "თეატრში წასვლა, ხელოვანებმა კი - თავიანთი შემოქმედების მათთვის გაზიარება შეძლეს", - ნათქვამია ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესრელიზში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს შაბათს (თეატრის ხელახალი გახსნიდან ერთი დღის შემდეგ) ეწვია და ფრონტის ხაზი და საავადმყოფო დაათვალიერა, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობდნენ. ზელენსკის განცხადებით, დაბომბვის შედეგად, ოდესის რეგიონში, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე შენობა განადგურდა.
0
0