09/11/2024
16:21
პოლიტიკა
მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს “მეტროსადგურ უნივერსიტეტთან” განუცხადა, საიდანაც კოალიცია მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას აწყობს.
მსვლელობა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ეწყობა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლება დისკომფორტს ყოველდღე იგრძნობს და იმდენად, რომ მას წასვლა მოუწევს.
„ამომრჩეველი უნდა ელოდოს იმას, რასაც ხმა მისცა - საქართველოში ცვლილებებს. ეს ცვლილებები იქნება ყველა ვარიანტში, ჩვენ დავუბრუნებთ ქართველ ხალხს მათ ხმას და რაც მთავარია, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს, გამორიცხულია, რომ სხვანაირად მოხდეს! მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები და რეალურად, კონსტიტუციური გადატრიალების ავტორები, ანუ “ქართული ოცნება” . “ქართულ ოცნებას” ეს არ შერჩება! საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ამიტომ აღვიჭურვოთ მოთმინებით და არ დაგვეზაროს ყოველდღიური რუტინული შრომა სამშობლოს დასაბრუნებლად.
რაც შეეხება მსვლელობას, მსვლელობა დასრულდება იმ მიმართულებით, საითკენაც ჩვენ წავალთ, გამოგვყევით და ნახავთ. ყოველდღე საქართველო, თბილისი აუცილებლად იქნება ჩაბმული საპროტესტო მოძრაობაში”,- განაცხადა გვარამიამ.
0
0