04/08/2022
13:15
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან დაასახლა „სამი ინსტიტუტი“ , რომელთა წინააღმდეგაც „აზერბაიჯანი იბრძვის“.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დაფიქსირებული იყო მთიანი ყარაბაღის ერთეული, რომლის უარყოფასაც ამ დრომდე ცდილობს აზერბაიჯანი, როდესაც აცხადებს, რომ ყარაბაღი არ არსებობს. სხვათა შორის, ასეთი განცხადებები სამმხრივი შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მეორე – იუწყებიან, რომ არსებობს ურთიერთშეხების ხაზი. და მესამე – ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან. ძირითადად აზერბაიჯანის დღევანდელი ბრძოლა მიმართულია ამ სამი ინსტიტუტის წინააღმდეგ. ჩვენ ველოდებით, რომ როგორც სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სამმხრივი დეკლარაციითაა გათვალისწინებული, რუსეთის სამშვიდობო ძალები აზერბაიჯანს არ მისცემენ უფლებას, შეარყიონ ეს ფუნდამენტური ინსტიტუტები, რომლებიც ჩანიშნულია სამმხრივ შეთანხმებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მუდამ საუბრობს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიასა და იმის შესახებ, თუ რატომ არის ის დისლოცირებული ურთიერთშეხების ხაზის გასწვრივ.
„რუსეთის სამშვიდობო ძალები და აზერბაიჯანი თუ იქნებიან ურთიერთშეხების ხაზის მთლიანობის გარანტორები, მაშინ ჩემი აზრით, მთიანი ყარაბაღის არმიის მორიგეობა იქ საჭირო არ იქნება. ეს საჭიროება გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა უარი თქვა რუსი სამშვიდობოების მანდატის განმსაზღვრელ დოკუმენტზე და მუდმივად არღვევს 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილ განცხადებას, მათ შორის ნებისმიერი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც წარმოაგდენს ამ დოკუმენტის არსს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი მუდმივად მანიპულირებს იმით, რომ მთიან ყარაბაღში სომეხი სამხედროები იმყოფებიან.
„მე ოფიციალურად უნდა მოვახდინო კონსტატაცია, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის რესპუბლიკის სამხედროები არ იმყოფებიან“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება პირველი აგვისტოდან დაძაბულია. სომხური მხარის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სომეხი ჯარისკაცი, აზერბაიჯანი კი ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ იუწყება. თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის შემოდგომაზე გამწვავდა. 44-დღიანი ომის შემდეგ ბაქოსა და ერევანს შორის მოსკოვის შუამვალობით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანმხებაში, რომელიც ერევანში ოპოზიციის პროტესტს იწვევს, ბაქომ დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორიის უმეტესობა, რომელიც სომხურ ძალებს 1990-იანი წლებიდან ჰქონდათ დაკავებული. ამავე დოკუმენტით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი რუს მშვიდობისმყოფლებს აქვთ დავალებული.
ბოლო დღეებში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ ერევანი არ ასრულებს შეთანხმებას და სომხეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც რჩებიან იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა. კონფლიქტის უკანასკნელი გამოწვევების დროს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი ლაჩინის რაიონი იყო. რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაიკავა სარიბაბას მაღლობი, რომელიც ე.წ. ლაჩინის დერეფანთან მდებარეობს.
თავის მხრივ, როგორც ბაქოში ამტკიცებენ, არაერთხელ გააფრთხილეს რუსი მშვიდობისმყოფელები, რომ „სომეხი სამხედროების ყოფნა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საფრთხეს წარმოადგენს“.
აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაც არის „შურისძიება“, რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. ლაჩინის რაიონში გადის ერთადერთი გზა, რომელიც სომხეთიდან ყარაბაღში მიდის. მის უსაფრთხოებას რუსი მშვიდობისმყოფელები იცავენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება 2 000 რუსი სამხედრო. ეუთო, ევროკავშირი და აშშ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას გამოეხმაურნენ და მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდეს.
0
0