20/09/2021
15:34
სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს – აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომ დასახელებულმა პირებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს.
„დანაშაულის ჩასადენად მათ ჯგუფურად შეიძინეს იარაღი და ვაზნები. ნინო ბერიძისგან იქირავეს „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი. ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძესთან ერთად ჯგუფურად ატარებდა ამ იარაღს და ვაზნებს. 15 სექტემბერს 16:00 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას მიმდებარედ გააჩერა მანქანა, ხოლო კავილაძე დარჩა საჭესთან. ალეკო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას, როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.
ნიკოლოზ კვარაცხელია ეცადა გაქცევას მანქანის უკანა მხარეს, თუმცა ჭელიძე კვლავ გაეკიდა და ისევ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები. ალეკო ჭელიძე გაიქცა, ჩაჯდა კავილაძესთან ავტომობილში და მიიმალა. კვარაცხელია გადაიყვანეს საავადმყოფოში და იქ გარდაიცვალა. ეს არის ბრალდების ფორმულირება და მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დღევანდელ დღეს უნდა მოხდეს აღკევთის განსაზღვრა.
ზუსტად ვიცით ფქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც აღკვეთის საფუძველია, პირველ რიგში, გარემოება, რომ ამ პირებმა ნამდვილად ჩაიდინეს ეს დანაშაული – მოწმეთა დაკითხვები, ამოღების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, ამოცნობის ოქმები ფოტოსურათით. კარგად ჩანს ბრალდებულების მიერ ჩადენილი ცივსისხლიანი ქმედება. კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ დამალვას. კონკრეტულ შემთხვევაში ალეკო ჭელიძისა და კავილაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა. ნიკოლოზ კვარაცხელიასაც ჰქონდა სიცოცხლის უფლება და დღეს იგი გარდაცვლილია. ბრალდებულები ეცადნენ დანაშაულის დაფარვას, გადააგდეს ტანსაცნელი, თუმცა საბედნიეროდ, ტანსაცმელი ამოღებულია“, – განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს. 15 სექტემბერს, ა.ჭ. და გ.კ. ვ.ანჯაფარიძის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც პირად საქმეზე ნ.კ. იმყოფებოდა. დანაშაულებრივი განზრახვის, კერძოდ, ნ.კ.-ს ჯგუფურად განზრახ მოკვლის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავტომობილიდან გადასული ა.ჭ. ნ.კ.-ს დაბრუნებას დაელოდა, ხოლო მისი თანამზრახველი გ.კ. დარჩა ავტომობილის საჭესთან. პირადი საქმის დასრულების შემდეგ ნ.კ. დაბრუნდა ავტომობილთან, რა დროსაც მას ზურგის მხრიდან შეიარაღებული ა.ჭ. მიუახლოვდა და განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ნ.კ. თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0