28/12/2021
15:36
პოლიტიკა
ნინო გოგორიშვილის მიერ დაწერილი განცხადება მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ გააცნო და აღნიშნა, რომ მკურნალი ექიმის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ მომენტისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.
„დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ, ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული, სრულ თანხვედრაშია გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია ნინო გოგორიშვილის განცხადებაში.
ამასთან, ნინო გოგორიშვილმა მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ნაწილობრივ ფაქტების ინტერპრეტაცია მოხდა.
„ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივ არის ფაქტების ინტერპრეტაცია. არ მითქვამს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი სამკურნალოდ საქართველოდან უცხოეთში. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი. ეს სად იქნება, უკვე ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.
„მკურნალი ექიმის პოზიციაა, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბლიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ასევე, ის აღიარებს, რომ გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ ფორმა ასი დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, სახელმწიფო კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო. ფსიქონევროლოგიური სტატუსის გარეშე, მხოლოდ ანალიზებით დაიწერა ფორმა ასი. აქვე, ექიმი გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელია რეაბილიტაცია აქაც კიო“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
0
0