17/07/2024
12:42
სამართალი
საქართველოს მოქალაქეს, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს, აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებულ ნეონაცისტურ-ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერს, ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი ქმედების დაგეგმვაში, რომლის მიხედვითაც, მას სანტაკლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და, ტერორის დათესვის მიზნით, ნიუ-იორკში მცხოვრები ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინა.- ინფორმაციას The Guardian-აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით ავრცელებს.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს, 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს, ოთხი ბრალი წაუყენეს, მათ შორის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისა და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისთვის სამართალდამაცავი პირის გადაბირების ფაქტზე. გაურკვევლია, ჰყავს თუ არა მას ადვოკატი.
„ჩხიკვიშვილი, რომელსაც სხვადასხვა მეტსახელი აქვს, მათ შორის „მეთაური ჯალათი“, სავარაუდოდ „მანიაკური მკვლელობის კულტს“ ხელმძღვანელობს. პროკურორების თქმით, აღნიშნული დაჯგუფება საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც „ნეონაცისტური აქსელერაციონისტული იდეოლოგიის მიმდევარია და ხელს უწყობს ძალადობას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ის [დაჯგუფება] „არასასურველად“ მიიჩნევს. დაჯგუფების მიზანია, დაარღვიოს სოციალური წესრიგი და დაამხოს მთავრობები ტერორიზმისა და ძალადობრივი ქმედებების გზით, რომლებიც თესავს შიშს და ქაოსს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ის თავის დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად საიდუმლო სამართალდამაცავი პირის გადაბირებას ცდილობდა. ჩხიკვიშვილი საიდუმლო სამსახურის სამართალდამაცავ პირს ასევე ისეთი ძალადობრივი დანაშაულების ჩადენას აიძულებდა, როგორებიცაა აფეთქებები და ხანძრის გაჩენა. ნოემბერში, ჩხიკვიშვილმა გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ახალი წლის ღამეს, ნიუ-იორკში „მასობრივი მკვლელობა“ უნდა მოეწყო.
„სქემის მიხედვით, აღნიშნულ პირს სანტა-კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში, რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლებისა და ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული უნდა დაერიგებინა. მან სქემის განსახორციელებლად მომაკვდინებელი [გაზის შემცველი] ნივთიერებების მომზადების შესახებ დეტალური ინსტრუქციები შეადგინა და ისინი საიდუმლო სამართალდამაცავ პირს გაუზიარა.
2021 წლის სექტემბრიდან, ჩხიკვიშვილი ავრცელებს მანიფესტს, სახელწოდებით „მოძულეთა სახელმძღვანელო“, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ავტორი თავის მკითხველებს მოუწოდებს, რომ თავს დაესხან სკოლებს და ბავშვები გამოიყენონ ტერაქტებისა და სხვა მასობრივი მკვლელობების განსახორციელებლად. სამიზნედ რასობრივი უმცირესობები მოიაზრება.
დოკუმენტში განსაზღვრულია მასობრივი „ტერორისტული თავდასხმების“ განხორციელების მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც „შემსრულებელმა პირმა“ უნდა გამოიყენოს, მაგალითად, „ღია ცის ქვეშ გამართული მასშტაბური ფესტივალების, კონგრესების, ზეიმებისა და აღლუმების დროს“ და ასევე სამიზნედ შერჩეული უნდა იყოს „გადატვირთული საცალფეხო ქუჩები““, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ოფიციალური პირების თქმით, ჩხიკვიშვილი, 2022 წელს, მინიმუმ, ორჯერ გაემგზავრა ნიუ-იორკში და, ბრუკლინში, ბებიასთან დარჩა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის საიდუმლო სამსახურის სამართალდამაცავი პირის გადაბირებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის დაგეგმვისთვის [საიდუმლო სამსახურის სამართალდამაცავი პირის] გადაბირებისთვის, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და მათი გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - მუქარის შემცველი კომუნიკაციისთვის.
0
0