25/10/2024
11:58
მსოფლიო
კონსულტანტ-ნეიროქირურგმა ანასტასიოს ჯამოურიადისმა პაციენტებს თავის ტვინის „ვაშლის ზომის“ სიმსივნური წარმონაქმნები წარბების მეშვეობით ამოკვეთა, რაც მსოფლიოში უპრეცედენტოდ ითვლება. ანასტასიოს ჯამოურიადისმა, რომელიც შოტლანდიის ქალაქ აბერდინში ცხოვრობს, თავის ტვინის გამონაზარდების მოსაშორებლად სპეციალური ტექნიკა გამოიყენა. ოპერაციის შემდეგ, პაციენტებს მხოლოდ მცირე ნაწიბური და თვალთან სილურჯე აღენიშნებოდათ.
„ამ ტექნიკით ჩატარებული ოპერაცია შეიძლება სამ საათში დასრულდეს, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია დატოვოს საავადმყოფო მხოლოდ 24 საათის შემდეგ, როდესაც ვიცით, რომ ისინი სახლში უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან და რამდენიმე დღეში შეუძლიათ სამსახურში დაბრუნდნენ. თავის ტვინის წინა ნაწილზე მოდებული სიმსივნეების ამოსაკვეთად, ჩვეულებრივ, საჭიროა თავის ქალის დიდი ნაწილის ამოღება, რასაც კრანიოტომია ეწოდება. ამ ტიპის ოპერაცია ახალი არ არის, მაგრამ შევცვალე ის, რომ ოპერაციის დროს შესაძლებელი გავხადე წარბის გავლით უფრო მეტი სივრცის გამოყენება, რაც საშუალებას მაძლევს, რომ ტვინზე მოდებული ძალიან დიდი ზომის სიმსივნეები ამოვკვეთო. ტრადიციულად, ადამიანებს შუბლზე ნაწიბურები რჩებოდათ, რაც ამ მეთოდით თავიდან იქნება აცილებული“, - თქვა გიამურიადისმა.
ანასტასიოს ჯამოურიადისმა და მისმა გუნდმა მოდიფიცირებული ქირურგიული ტექნიკით ოპერაცია უკვე 48 პაციენტს ჩაუტარეს.
„ჩვენ არ ვიცით, თუ არსებობს მსოფლიოში ასეთი ზომის სიმსივნეების ამოკვეთის მეორე პრეცედენტი. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, სხვა ქირურგებსაც შევასწავლო ახალი გაუმჯობესებული პროცედურის ჩატარება,“ - დასძინა ჯამოურიადისმა.
0
0