03/10/2022
12:44
მსოფლიო
„ნატოს წევრ ქვეყნებს გაეგზავნათ სადაზვერვო შეტყობინება რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავთან „K-329 Belgorod“-თან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებულია Poseidon-ის ტიპის ბირთვული რაკეტებით. Poseidon-ი ასევე ცნობილია, როგორც აპოკალიფსის იარაღი,“ - წერს იტალიური გაზეთი „This Sunday Republic“.
სხვადასხვა არაოფიციალური წყაროს თანახმად, ახალი წყალქვეშა ნავი ივლისიდან რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის შემადგენლობაშია, ხოლო „ჩრდილოეთ ნაკად 1-სა“ და „ჩრდილოეთ ნაკად 2-ის“ გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებზე მისი შესაძლო ზეგავლენის შემდეგ, ნავის დისლოცირების ადგილად არქტიკული წყლები განისაზღვრა.
ნატო შიშობს, რომ „K-329 Belgorod“-ის მისიაა Poseidon-ის ტიპის „სუპერტორპედოს“ [Poseidon Supertorpedo] გამოცდა - ეს არის ჭურვი, რომელსაც შეუძლია წყლის ქვეშ 10 000 კილომეტრის გავლა და შემდეგ სანაპიროსთან აფეთქება - რადიოაქტიური ცუნამის გამოწვევის მიზნით.
რუსეთმა ბირთვული „Poseidon Supertorpedo“ თავისი სამხედრო ძალების უზრუნველსაყოფად 2018 წელს შექმნა. თუმცა, ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტების მტკიცებით, მსგავსი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია საკონტინენტთაშორისო რაკეტებითაც, რომლებიც 1960-იანი წლებიდან მოქმედებენ.
„K-329 Belgorod“-ი 184 მ სიგრძისა და 15 მ სიგანისაა და წყალქვეშ დაახლოებით 60 კმ საათში სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. ვარაუდობენ, რომ მას წყალქვეშ ცურვა 120 დღემდე შეუძლია. „K-329 Belgorod“-ის არსენალშია რამდენიმე „Poseidon Supertorpedo“, რომლებიც 24-მეტრიანი ჭურვს წარმოადგენენ, დაახლოებით ორმეგატონიანი ბირთვული ქობინით. ”ეს არის სრულიად ახალი ტიპის იარაღი, რომელიც დასავლეთის საზღვაო ძალებს გეგმის შეცვლას და ახალი კონტრზომების შემუშავებას აიძულებს,” - განმარტა ექსპერტმა.
„Poseidon Supertorpedo“-ს ნავსადგურებისა და ზღვასთან ახლოს მდებარე ქალაქების განადგურება შეუძლია. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ბირთვულ „Poseidon Supertorpedo“-ს შეუძლია წყალქვეშ აფეთქდეს და ზღვასთან ახლოს მდებარე ქალაქებზე თითქმის 100 მ სიმაღლის ტალღებით რადიოაქტიური ცუნამი წარმოქმნას. გიგანტური „Poseidon“-ი რუსეთის მთავარ საზღვაო საიდუმლო უწყების მიერ არის შემუშავებული, რომელიც სპეციალიზებულია წყალქვეშა კვლევებზე. ითვლება, რომ ეს უწყება მნიშვნელოვანია რუსეთის სადაზვერვო ოპერაციებისთვის. წყალქვეშა ნავის მეთაური ექვემდებარება უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ვიდრე ქვეყნის საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელს, ამიტომ „K-329 Belgorod“-ი უფრო ოკეანური ტიპის შემტევი იარაღია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავი.
წყალქვეშა ნავი მობილიზდა 21 სექტემბერს, პუტინის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის [პუტინი] კვლავ დაემუქრა დასავლეთს და დაადასტურა, რომ იგი არ ხუმრობს, როდესაც ამბობს, რომ მისი ქვეყანა "გამოიყენებს ყველა საშუალებას თავისი ტერიტორიის დასაცავად". ირიბი მითითებით „ყველა საშუალება“ ბირთვულ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. თავის გამოსვლაში პუტინი დასავლეთს ადანაშაულებს „ბირთვულ შანტაჟში“. მან ყურადღება გაამახვილა „ნატოს ქვეყნების ზოგიერთი მაღალი დონის წარმომადგენლის განცხადებებზე რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“.
0
0