25/02/2022
21:45
ომი უკრაინაში
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრას უკრაინაში, რომელიც ბელარუსის მხარდაჭერით მოხდა. რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო იერიში, უკრაინიდან თავისი ძალები გაიყვანოს და უარი თქვას მიერ არჩეულ აგრესიის გზაზე. ეს დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილი თავდასხმა დამოუკიდებელ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაზე სასტიკი ნაბიჯია და სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელია. ევროპის კონტინენტზე მშვიდობა ძირეულად დაირღვა. მსოფლიო რუსეთს, ისევე როგორც ბელარუსს პასუხს აგებინებს მათ ქმედებებზე. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უპირობოდ დაგმოს ეს თავდასხმა. არავინ არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის ხელისუფლების ტყუილის ქარბუქით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს ლიდერები აცხადებენ, რომ ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან მან უარყო დიპლომატიისა და დიალოგის გზა, რომელიც არაერთხელ შესთავაზა ნატომ.
„რუსეთმა ძირეულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაეროს წესდება. რუსეთის ქმედებები ასევე წარმოადგენს ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტით გათვალისწინებული პრინციპების აშკარა უარყოფას. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ საშინელი სტრატეგიული შეცდომაა, რომლისთვისაც რუსეთი მომდევნო წლების განმავლობაში მძიმე ფასს გადაიხდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური და უპრეცედენტო სანქციები უკვე დაწესდა. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნატოს ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას და უკრაინის მამაც ხალხს, რომლებიც ახლა საკუთარ სამშობლოს იცავენ.
„ნატო ევროპული უსაფრთხოების ყველა ძირითადი პრინციპის ერთგული რჩება, მათ შორის იმ პრინციპისა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში. ეს პრინციპული პოზიცია არასდროს შეიცვლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის ქმედებების ფონზე, ნატო დამატებით ძალებს განათავსებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
0
0