21/11/2022
15:07
სამხედრო
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა იარაღისა და საბრძოლო მასალების მარაგის უმეტესი ნაწილი ამოწურა. ამ მხრივ, მათი წარმოების გაზრდა აუცილებელია.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, - იუწყება CBC-ი.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერისთვის, ნატოს სამხედრო პოტენციალის გააქტიურება აუცილებელია.
მან აღნიშნა, რომ ალიანსმა იარაღისა და საბრძოლო მასალების საკუთარი მარაგის უმეტესი ნაწილი ამჟამად ამოწურა, ამიტომ, მას მრეწველობასთან მუშაობა სჭირდება, რათა წარმოება გაზარდოს და უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს.
ალიანსის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად ფასი გაიღონ. ეს შეეხება ენერგიის მაღალ ფასებს და სხვა ეკონომიკურ შედეგებს, მაგრამ უკრაინა ამისთვის გაცილებით მაღალ ფასს იხდის, - დასძინა სტოლტენბერგმა.
„უნდა გვახსოვდეს: ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულით იზომება, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის - ყოველდღიურად ადამიანის სიცოცხლითა და სისხლით იზომება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ“, - ამბობს ნატოს გენმდივანი.
შეგახსენებთ, პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის საბოლოო შედეგი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, 21-ე საუკუნეში გლობალური უსაფრთხოების სფეროში ვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.
0
0