18/11/2022
14:49
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა“, - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0