21/09/2022
16:38
სამართალი
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე გეგმავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს პროკურატურაში უჩივლოს. მისი თქმით, ამის მიზეზი მოსამართლის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევის ფაქტია.
როგორც მურუსიძე განმარტავს, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სასამართლოში მისი საქმის განხილვის დროს თავად დაუკავშირდა ლევან მურუსიძეს და განუცხადა, რომ თუ არ შეწყდებოდა მის მიმართ სამართლებრივი დევნა, ის სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას მოახდენდა. სწორედ ამიტომ, ლევან მურუსიძე გეგმავს, მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურას მიმართოს.
„აღნიშნული განცხადების გაკეთება განპირობებულია იმით, რომ როგორც იცით, წლების განმავლობაში სასამართლოს მიმართ ხორციელდება ცილისმწამებლური თავდასხმები. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მან მიიღო კამპანიური ხასიათი და მინდა, საბჭოს მივაწოდო ინფორმაცია, რა შეიძლება, ელოდებოდეს მომავალში სასამართლოს. საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომლის პრინციპში შედის, დაიცვას თითოეული მოსამართლე და სასამართლო სისტემის სტაბილურობა. მინდა, გამოვეხმაურო ერთ ფაქტს. თქვენთვის ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ სუს-ის გამოყენებით ხდებოდა კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა. მინდა, აგიხსნათ იუსტიციის საბჭოს და საზოგადოებას, რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება.
მოგეხსნებათ, ბატონი სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როცა ის დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას, ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას. ამის შემდგომ, როდესაც კიდევ დადგა საკითხი უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ არ ჩავერეოდი და არ უზრუნველვყოფდი, რომ აღნიშნული ყადაღები არ გამოყენებულიყო, შესაბამისად, გააკეთებდა საშინელ სიბინძურეს, მოხდებოდა სასამართლოს სისტემის კიდევ ერთი დისკრედიტაცია. შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე, სუს-ის დახმარებით, მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ „ხომ ხედავ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდებოდა აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს. მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომლითაც სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება“. ამიტომ, მე გადავწყვიტე, პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოსთვის მეცნობებინა და შემდგომ ვაპირებ რეაგირებას, გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო უახლოეს პერიოდში პროკურატურას“, – განაცხადა მურუსიძემ.
ამასთან, ლევან მურუსიძე მიმართავს იუსტიციის საბჭოს, დაიცვას სასამართლო სისტემა შეტევებისა და ცილისწამებისგან. მურუსიძე აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, სასამართლო სისტემას სჭირდება დაცვა, რადგან აღნიშნული ფაქტები უკვე კამპანიურ სახეს იღებს.
„უნდა ვიყოთ ფხიზლად. თქვენ ბრძანდებით კონსტიტუციური ორგანო, არის იმის ვალდებულება, რომ სისტემა იყოს დაცული. გულწრფელად გეტყვით, ჩემზე ძალიან ბევრი სიბინძურე იყო და ყოველგვარ ამორალურობის ზღვარს არიან გადასულნი. პირადად მე, თავს დავიცავ, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ამ ახალი შეტევებისგან, ცილისწამებისგან დაცვა. ვფიქრობ, საბჭომ ამაზე უნდა იმსჯელოს.
მინდა, მივმართო მოსამართლეებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიყოთ მტკიცედ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სასამართლო არის ხელისუფლება. მიმაჩნია, რომ ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში და არავის მისცემს საშუალებას, ვიღაც უდიერად მოეპყროს. ეს არის ხელისუფლება და ყველამ დაიმახსოვროს. ვინმეს თუ უნდა თანამშრომლობა, ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ვფიქრობ, წინ გველოდება საფრთხეები, მაგრამ იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, სასამართლო სისტემა თქვენი მხარდაჭერით ამას აუცილებლად გადალახავს და ყველა ზომა იქნება მიღებული, დაცული იქნეს ყველა მოსამართლე და მთლიანად სასამართლო სისტემა“, – მიმართა მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს.
0
0