31/01/2024
15:54
სხვადასხვა
ახალი კვლევის მიხედვით, მთვარის ზედაპირის ფართობი მცირდება, რადგან მის ცენტრში არსებული გავარვარებული მეტალის ბირთვი თანდათან პატარავდება. შედეგად, მთვარის ზედაპირი იკუმშება, უფრო მყიფე ხდება და, თავის მხრივ, ხასიათდება სეისმური ბიძგებით, რომლებიც ცნობილია როგორც „მთვარისძვრა“ (სეისმური მოვლენები მთვარეზე).
,,თუ ეს ბიძგები მეწყერს გამოიწვევს, ისინი შეიძლება საშიში იყოს NASA-ს [აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო] კოსმოსური მისია ,,არტემისის“ [Artemis] ასტრონავტებისთვის მთვარეზე საბოლოოდ დაშვების შემდეგ. ,,არტემისი“ გვეხმარება მოვემზადოთ იმისთვის, რაც მთვარეზე გველოდება, მაგ., უზრუნველყოფს საინჟინრო კონსტრუქციებს, რომლებიც უკეთესად უძლებს მთვარის სეისმურ აქტივობას და ადამიანებს საშიში ზონებისგან იცავს,“ - განაცხადეს მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
ექსპერტთა ჯგუფის თქმით, მთვარის გარშემოწერილობა, მისი ჩამოყალიბებიდან 4,4 მილიარდი წლის განმავლობაში, 45.72 მეტრით შემცირდა. მიზეზი მთავრის ბირთვის გაცივებაა. მათივე განცხადებით, მთვარის ფართობის მუდმივმა შემცირებამ მის სამხრეთ პოლარულ ზონაში ზედაპირის შესამჩნევი დეფორმაცია გამოიწვია. ,,არტემისის“ პროგრამის ფარგლებში, სავარაუდოდ, 2030 წლის შემდეგ, NASA მიზნად ისახავს მთვარის სამხრეთში საბაზო ბანაკის შექმნას იქ არსებული ყინულის წყლის მდიდარი მარაგის გამო. მთვარის მკვლევარებისთვის ყინულის წყალი სასმელი წყლის წყარო იქნება.
თუმცა კვლევის ავტორები შიშობენ, რომ მთვარისძვრები და შედეგად გამოწვეული მეწყრები ,,არტემისის“ საბაზო ბანაკს გაანადგურებს.
მიწისძვრებისგან განსხვავებით, მთვარის ბიძგები შეიძლება საათობით და მთელი დღის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. მკვლევარები გააგრძელებენ მთვარისა და მისი სეისმური აქტივობის რუქის დადგენას, იმ იმედით, რომ უფრო მეტ ადგილს გამოავლენენ, რომლებიც, ძიების პროცესში, შეიძლება საშიში იყოს ადამიანისთვის.
0
0