20/09/2023
12:59
კონფლიქტები
არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება ეთანხმება რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განცხადება არცახის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
განცხადებაში კონკრეტულად ნათქვამია:
„19 სექტემბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა არცახის რესპუბლიკასთან შეხების მთელ ხაზზე, მასობრივ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებთან ერთად.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასახულია დავალება, რომ გაიყოს არცახი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის საარსებო წყაროს. ორდღიანი ბრძოლების განმავლობაში, არცახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს ცოცხალი ძალითა და სამხედრო აღჭურვილობით რამდენჯერმე აღმატებული მტრისგან და უდიდესი ზარალი მიაყენეს მას.
სამწუხაროდ, დანაკარგები და დაჭრილები აქვს არცახურ მხარესაც, ზოგიერთ რაიონში კი მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციებზე გარღვევა და რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლის დამყარება.
შექმნილ ვითარებაში არასაკმარისია საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებები ომის დამთავრებისა და სიტუაციის მოგვარების მიმართულებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება ეთანხმება რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024