22/10/2024
14:35
არჩევნები 2024
მთელი ევროპა, ახლა უკვე ევროკავშირის ელჩის სახით, გვაფრთხილებს, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ქართველი ხალხისადმი მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ხალხი მივა არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ხალხის გამარჯვება და „ქართული ოცნების“ დამარცხება.
„მთელი ევროპა გვაფრთხილებს და დღეს კიდევ ერთხელ ევროპის კავშირის ელჩის სახით, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია. ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მეგობრებს, დავკარგავთ ჩვენს თანამებრძოლებს და საქართველო მოხვდება იზოლაციაში. საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არა აქვს არანაირი შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ცხადია, რომ ჩვენ ვართ სერიოზული არჩევანის წინაშე. ასევე ცხადია ის, რომ რაც უფრო მეტი ხალხი მივა ამ არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ხალხის გამარჯვება და „ქართული ოცნების დამარცხება. ამის მაგალითად ელჩმა მოიყვანა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი. რადგან ძალიან დაბალი იყო იქ აქტივობა, ამიტომაც ძალიან მყიფე იყო გამარჯვება, რომელიც პროევროპულმა ძალებმა მოიპოვეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, იყოს სრული მობილიზაცია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ იმ ჯგუფს, რომელმაც ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობის გზა ჩახერგა“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია“.
მისი თქმით, გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება.
„როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024