31/10/2021
13:40
საზოგადოება
"ჩემი აზრით, ოპოზიციამ ამ სიტუაციაში შეუძლებელი შეძლო, პარალელურად მიმდინარე დაძაბული, დრამატული ხაზის ფონზე მაქსიმალურად სიმპატიურად გაიარეს გზა. "ნუმეროლოგიის" პრობლემა რომ არ ჰქონოდათ, კიდევ უფრო მეტს მიიმხრობდნენ. მოგება არ არის მხოლოდ რიცხვებში გამარჯვება. თვისებრივად ახალი კულტურული გარემოს შექმნა სცადეს და ნამდვილად წარმატებით. თუ შეძლებენ ყველა კრიტიკულ მომენტში ამ ელეგანტურობის შენარჩუნებას, შეუძლიათ დაიტრაბახონ, რომ საფუძველი გააჩინეს ცვლილებისთვის. საფუძველი ყველაფერია. სამწუხაროა, რომ მთავრობამ არაფერი დათმო. ახლა თუ აირია მონასტერი, სამოქალაქო დაპირისპირებაზე დიდი უბედურება ქვეყანას ვერ დაემართება. საქმე როცა აქამდე მიდის, არასდროს არცერთ მთავრობას არ შეუნარჩუნებია სკამი და თუ სისხლიც მოჰყვა, მაშინ ხომ გამარჯვებული ვეღარავინ გამოვა. ცეცხლსაშიში მდგომარეობა რომ არის, ამიტომ ვართ ყველა გადაძაბული. მძიმე აურა დგას ქვეყანაში. ჩემი აზრით, მთავრობა მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს ოპოზიციასთან და რადგან ხალხის არჩევანიც სანახევროდ გადახრილია ოპოზიციისკენ, რადგან აშკარაა, რომ ხალხს ცვლილება სჭირდება, კოალიციური სისტემისთვის გააღოს კარი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაბალანსდეს გარემო. ვიცი, რომ პოლიტიკის აზრზე არა ვარ. მაგრამ 'მცოდნეებმა" რაც დაგვაწიეს, ხედავთ. ამიტომ ვაძლევთ თავს უფლებას ყველა, მივახმაროთ აზრი, რომელიც აგვარიდებს კატასტროფას. გამოცდილება მაინც ხომ ყველას დაგვიგროვდა, როცა მთავრობა ცვლილების ყველა ჭუჭრუტანას გმანავს, რა ხდება შემდეგ. "შუბის წვერზე ვერ ჩამოჯდები, მხოლოდ თავი შეგიძლია შეიმაგროო" - ძველი რაჭული ანდაზა ამბობს ამას, მაგრამ ნაპოლეონის სიტყვებადაა ცნობილი. ხოდა, შუბის წვერია უკვე", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
0
0