11/01/2022
10:56
მედიცინა
ექიმების თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს ბალტიმორში ექსპერიმენტული შვიდსაათიანი პროცედურის ჩატარებიდან სამი დღის შემდეგ.
მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ტრანსპლანტაცია დევიდბენეტის სიცოცხლის გადარჩენის [თუმცა, ჯერჯერობით, გაურკვეველი ხანგრძლივობით] უკანასკნელ იმედადჩათვალეს. ექიმებს აშშ-ის სამედიცინო-მარეგულირებელმა უწყებამ სპეციალური ნებართვა მიანიჭა პროცედურის ჩასატარებლად, იმის საფუძველზე, რომ ბენეტი სხვა შემთხვევაში ვერ იცოცხლებდა.
”ან უნდა მოვკვდე ან გადანერგვა უნდა ჩავიტარო. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დასრულდება ოპერაცია, მაგრამ ეს ჩემი ბოლო არჩევანია”, - განმარტა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.
სამედიცინო ჯგუფისთვის, რომელმაც ტრანსპლანტაცია ჩაატარა, ეს იმ მრავალწლიანი კვლევის კულმინაციაა, რომელმაც შეიძლება მთელ მსოფლიოში ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.
„ჩატარებული ოპერაცია ერთი ნაბიჯით უფრო დაგვაახლოვებს მსოფლიოში ორგანოთა დეფიციტის კრიზისის მოგვარებასთან. ეს კრიზისი ნიშნავს, რომ აშშ-ში დღეში 17 ადამიანი იღუპება ტრანსპლანტაციის ჩატარებამდე; გავრცელებული ინფორმაციით, 100 000-ზე მეტი - ოპერაციის მოლოდინის რეჟიმშია. ცხოველთა ორგანოების გამოყენების შესაძლებლობა ე. წ ქსენოტრანსპლანტაციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დიდი ხანია განიხილება, შესაბამისად, ღორის გულის სარქველების გამოყენება უკვე გავრცელებული მეთოდია,“ - თქვა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა.
2021 წლის ოქტომბერში ქირურგებმა განაცხადეს, რომ ნიუ-იორკში მათ წარმატებით გადაუნერგეს ღორის თირკმელი ადამიანს. იმ დროისთვის, ეს ოპერაცია ყველაზე მოწინავე ექსპერიმენტად ითვლებოდა ამ სფეროში. თუმცა, იმ შემთხვევაში, პაციენტის ტვინი მკვდარი იყო და ექიმებს მისი გამოჯანმრთელების იმედი არ ჰქონდათ.
დევიდ ბენეტი [პაციენტი] იმედოვნებს, რომ ტრანსპლანტაცია მას ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მისცემს. მას შემდეგ, რაც ბენეტს გულის დაავადება ტერმინალურ სტადიაში დაუდგინეს, ის ოპერაციამდე ექვსი კვირის განმავლობაში აპარატზე იყო მიჯაჭვული.
თუმცა გაურკვეველია, ზუსტად როგორ განვითარდება ოპერაციის შემდეგ მოვლენები. „პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა. ჩვენ არასოდეს ჩაგვიტარებია ადამიანში ამგვარი ტრანსპლანტაცია და მინდა ვიფიქრო, რომ ეს უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მისი თერაპიის გაგრძელება იქნებოდა. მაგრამ რამდენ ხანს იცოცხლებს ის - ერთი დღე, კვირა, თვე, წელი, არ ვიცი”, - თქვა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა.
https://www.bbc.com/news/world-us-canada-59944889
0
0