26/04/2024
14:26
მედიცინა
მეცნიერების ვარაუდით, საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი შეიძლება კოღოებით გადაცემული ისეთი დაავადებებით დაინფიცირდეს, როგორებიცაა მალარია და დენგე. ექსპერტების თქმით, მსგავსი ეპიდემიები, რომლებიც გამოწვეულია გლობალური დათბობით, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილოეთ ევროპის ნაწილებსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში გავრცელდება.
2000 წლიდან, დენგეს მატარებელი კოღოები ევროპის 13 ქვეყანაში გავრცელდა; დაავადების ადგილობრივი აფეთქება, 2023 წელს, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.
”კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობა ნიშნავს, რომ მალარიისა და დენგეს მატარებელი და გამავრცელებელი დაავადების ვექტორები შეიძლება უფრო მეტ რეგიონში აღმოჩნდეს, აფეთქებები კი ისეთ ადგილებში იქნება, სადაც ადამიანები იმუნოლოგიურად სუსტი, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები - მოუმზადებლები იქნებიან. რეალობაა ის, რომ გრძელი ცხელი სეზონები „ფანჯარას უფრო ფართოდ გახსნის“ კოღოებით გადამდები დაავადებების გავრცელებისთვის, რომელთა დაძლევაც უფროდაუფრო რთულდება“, - თქვა ესპანეთის კატალონიური კვლევისა და მოწინავე კვლევების ინსტიტუტის პროფესორმა, რეიჩელ ლოუმ.
მკვლევარების განცხადებით, თუ გლობალური ტემპერატურა +1 გრადუსამდე გაიზრდება, მაშინ მალარიისა და დენგეს რისკის ქვეშ მყოფმა მოსახლეობამ 2100 წლისთვის შეიძლება 2,4 მილიარდი ადამიანით მოიმატოს, 1970-1999 წლებთან შედარებით. თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, თუ ნახშირბადის ემისიებისა და მოსახლეობის ზრდის ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, საუკუნის ბოლოსთვის დენგეთი და მალარიით შეიძლება 4,7 მილიარდი ადამიანი დაავადდეს.
”ჩვენ ეპიდემიების მოლოდინში უნდა ვიყოთ და ადრეულ ინტერვენციულ პირობებზე უნდა გადავიდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებების აფეთქება,“ - დასძინა რეიჩელ ლოუმ.
დღესდღეობით, დაავადების მეთვალყურეობისა და კლიმატის ცვლილების მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარები მუშაობენ გზებზე, რათა განსაზღვრონ, თუ როდის და სად შეიძლება დაფიქსირდეს ეპიდემიები.
0
0