02/08/2022
15:14
მსოფლიო
„მსოფლიოს მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვული განადგურების საფრთხეს, რომელიც ცივი ომის შემდეგ ასეთი მასშტაბური აღარ ყოფილა,“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ბირთვული იარაღის შეკავებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„1968 წლის შეთანხმება კუბის სარაკეტო კრიზისის (მოვლენის, როდესაც მსოფლიო ყველაზე მეტად უახლოვდებოდა ბირთვული ომის დაწყებას) შემდეგ დაიდო. ხელშეკრულება შეიქმნა იმისათვის, რომ შეჩერებულიყო ბირთვული იარაღის გავრცელება უფრო მეტ ქვეყანაში და განხორციელებულიყო საბოლოო მიზანი - სრული ბირთვული განიარაღება. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას (NPT), მათ შორის არ არის ოთხი სახელმწიფო, რომლებიც ცნობილია, რომ ფლობს ან სავარაუდოდ ფლობს ბირთვულ იარაღს, ესენია: ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი.
მზარდი გლობალური დაძაბულობის ფონზე, მსოფლიოს, კაცობრიობას მხოლოდ ერთი მცდარი ნაბიჯი და არასწორი გათვლა აშორებს ბირთვული განადგურების საფრთხეს. ის „იღბალი“, რომლითაც მსოფლიო აქამდე „სარგებლობდა“ ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა აღარ გაგრძელდეს. იღბალი არ არის სტრატეგია, არც ფარი გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან დასაცავად, რომელიც ბირთვულ კონფლიქტში გადაიზარდა ", - თქვა გუტერეშმა.
ანტონიო გუტერეშის თქმით, ეს საერთაშორისო არეულობა - კონკრეტულად, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა, კორეის ნახევარკუნძულსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობა - "ახალ სიმაღლეებზე ადის".
ანტონიო გუტერეშმა რუსეთი დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა, როდესაც უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მნიშვნელოვანი ბირთვული ძალები მაღალ მზადყოფნაში დააყენა. ის ასევე დაემუქრა რუსეთის ყველა მოკავშირეს ისეთი შედეგებით, „როგორებიც თავიანთ ისტორიაში არ უნახავთ“. რუსეთის ბირთვული სტრატეგია მოიცავს ბირთვული იარაღის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა რუსეთი „იარაღის ჟღარუნის“ გამო დაგმო და აღნიშნა, რომ ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება გარანტიებს, რომლებიც მან (რუსეთმა) უკრაინას 1994 წელს მისცა, რათა უკრაინას თავისუფლად ეთქვა უარი ბირთვულ შეიარაღებაზე, რომელიც ქვეყანამ მემკვიდრეობით მიიღო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და შემდეგ მის ტერიტორიაზე დარჩა.
„რა გზავნილია ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მსოფლიოში, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ მას სჭირდება ბირთვული იარაღი დაცვისთვის, თავდაცვისთვის, მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აგრესიის მოგერიებისთვის? ეს ყველაზე ცუდი გზავნილია“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამჟამად, მსოფლიოს ცხრა ბირთვული სახელმწიფოს არსენალში დაახლოებით 13 000 ატომური იარაღია, 1980-იანი წლების შუა პერიოდის მარაგი კი 60,000 ბირთვულ იარაღს მოიცავდა.
0
0