12/07/2024
16:05
კულტურა
მსახიობი ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს.
ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში დილიდან მიმდინარეობდა.
ქეთევან კიკნაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში 9 ივლისს გარდაიცვალა.
ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.
0
0