28/08/2023
17:48
კულტურა
დღეს ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი (გოგა) პიპინაშვილი 65 წლის გახდა. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1982 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 1996 წლიდან სათავეში უდგას თავის დაფუძნებულ ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს".
გოგა პიპინაშვილმა ქართულ თეატრში არაერთი დრამატული და სახასიათო როლი შექმნა. მათ შორის არის: იაკობ ხუცესი (იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“), შაშა (დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“), სიდოროვი (ალექსანდრე სუხოვო-კობილინის „საქმე“), გიორგი (თორნთონ უაილდერის „ჩვენი პატარა ქალაქი“), ლისანდრი (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“), ოსეფა (რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), ვრონსკი (ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა") მამა, ლუიჯი პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ და ბოლო როლი - მამია, ალექს ჩიღვინაძის „უხერხემლო“ და სხვა. აღსანიშნავია მისი კინოროლები ფილმებში: „გარიგება“, „მიზერერე“, „დონ ჟუანის დაბადება“.
გიორგი (გოგა) პიპინაშვილის დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა.
1995 წელს მსახიობს გადაეცა პრიზი სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 2011 წელს ამავე როლისთვის მას მიენიჭა იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია. კულტურის სამინისტრო გიორგი (გოგა) პიპინაშვილს, იუბილეს ულოცავს, აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0