19/08/2024
23:13
სპორტი
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ქოჩორაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდ დიღომში ესპანური კლუბის, ლევანტეს წარმომადგენლებმა ბავშვებისთვის საწვრთნელი ვარჯიშები დაიწყეს. მისი ინფორმაციით, დღეს 135 მოზარდმა ივარჯიშა:
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე არის დღეს, როდესაც 135-მა ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში, კერძოდ დიდ დიღომში. ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ასევე გულნატკენიც, რადგან ყველა ბავშვმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება, თუმცა მათ დასაწყნარებლად მინდა მოვუწოდო, რომ არასდროს დანებდნენ, პირიქით, ივარჯიშონ, იშრომონ და ახლო მომავალში დაიგეგმება ისევ ისეთი კემპი ან უფრო მაგარი, იქნება ეს ლევანტესთან თუ ლევანტეს გარეშე.
ასევე, მინდა მოვუწოდო გოგოებს, რომ იაქტიურონ. საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება ქალთა ფეხბურთი. ვხედავთ ჩვენი ქალთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს და რა თქმა უნდა, შემდეგ შეკრებებზე აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ გოგოებმაც მიიღონ მონაწილეობა.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც ვერ მოახერხებს ვალენსიაში წამოსვლას, ან ვერ მოხვდა რეგისტრაციაზე, მინდა მოგიწოდოთ, რომ არასდროს დანებდეთ. ვიცი, რა გზაც არის ეს. ფეხბურთი არ არის ადვილი, უნდა იყო ფსიქოლოგიურად ძალიან მზად, თუმცა, არ დანებდეთ და როგორც ღმერთი, ასევე ფეხბურთი აუცილებლად დაგიფასებთ შრომას." - აცხადებს ქოჩორაშვილი.
0
0