19/11/2024
23:18
პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიმართავს პოლიციას, დააბრუნოს ტექნიკა, რომელიც აქციის მონაწილეების კუთვნილებაა და მათ უკანონოდ წაართვეს. აღნიშნული განცხადება გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მან პოლიციას მიმართა, ნუ უპირისპირებს ძალას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს.
„პარკინგზე იდგა ჩვენი „პიკაპები“, სადაც დატვირთული იყო ტექნიკა. როდესაც დავინახეთ, პოლიცია მოდიოდა, ჩვენ ავაგროვეთ ეს ყველაფერი, რათა დაგვებინავებინა და შემდგომში გამოგვეყენებინა. ახლა, ეს ტექნიკა და „პიკაპები“ უკანონოდ არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, როგორც გვითხრეს, „პეპელას“ ტერიტორიაზე. მოვითხოვთ, დაგვიბრუნოთ ჩვენი ტექნიკა იმიტომ, რომ ეს არის მორიგი უკანონო ქმედება თქვენი მხრიდან და ეს უკანონო ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მშვიდობიან მომიტინგეებს, დემონსტრანტებს ძალას ნუ უპირისპირებთ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხი.
დღეს, ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს და მერწმუნეთ,სწორედ ჩვენ გამძლეობაზეა დამოკიდებული...ბევრი მოდიხართ და მეკითხებით, რას იზამს დასავლეთი, ჯერ კითხვა უნდა დავსვათ, რას ვიზამთ ჩვენ და მერე უნდა დავსვათ კითხვა, რას იზამს დასავლეთი. როცა ჩვენ ვიზამთ, მერე დასავლეთიც იზამს. როცა ჩვენს ბრძოლას დაინახავენ, ყველა ჩვენ გვერდით დადგება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იქმნება ყალბი საინფორმაციო გვერდები, ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა, ენდონ მხოლოდ პარტიების ოფიციალურ გვერდების გავრცელებულ ან მედიასაშუალებით პირდაპირ ეთერში გადაცემულ ინფორმაციას.
0
0