17/05/2024
12:52
ეკონომიკა
მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, „რათა რუბლიც და ლარიც იყოს გადახდის საშუალებები, ხოლო ფინანსური ოპერაციები განხორციელდება შუამავლების გარეშე“.
პადალკოს თქმით, არავის, ვინც მონაწილეობს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მშენებლობაში, „ეჭვიც არ ეპარება, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ გაიყინება“.
მან შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, არ გაჩერდნენ და განაგრძონ თავიანთი გეგმების განხორციელება. ამასთან დაკავშირებით მან იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.
მან გაიხსენა, რომ გასული წლის მაისში, რუსეთში ჩასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვიზები გაუქმდა და პირდაპირი ფრენები განახლდა.
„საქმიანი საბჭოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულდება ეკონომიკური დღის წესრიგის კულტურულ დღის წესრიგთან შერწყმით“ - აღნიშნა პადალკომ.
მისი თქმით, „ზოგიერთ შემთხვევაში, ერთმა კონცერტმა შეიძლება გადააბრუნოს რთული ფურცელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ვერ გადაიფურცლა დიპლომატიური გზებით“.
პადალკომ ასევე აღნიშნა "დიდი ამბიციების" შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. საუბარია „საავტომობილო ტრანსპორტის გაფართოებაზე“, მათ შორის, შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რესპუბლიკის გავლით, ასევე „რკინიგზის კომუნიკაციის აღორძინებაზე“.
რუსეთ-ქართული ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის იური ბალაშოვის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს რუსეთიდან 1,2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 10%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და საქართველოში ტურისტების მთლიანი რაოდენობის 23,2%-ს შეადგენს. მისი თქმით, ამ დროისთვის მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან, მინერალნიე ვოდიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით კვირაში 30-ზე მეტი რეისია. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები განვითარდება და რუსეთისა და საქართველოს რუკაზე ახალ ქალაქებს შეიტანს.
0
0