05/02/2024
11:54
კონფლიქტები
სოხუმში რუსეთის „საელჩოში“ გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ პირველი მარტიდან „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები ფსოუს საგუშაგოს გადაკვეთას მხოლოდ რუსული პასპორტებით შეძლებენ. აფხაზეთის ტელევიზია კომენტარისთვის „საელჩოს“ საკონსულო განყოფილებას დაუკავშირდა.
„გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის პროცედურა შეიცვალა. რაც შეეხება საელჩოს კომპეტენციას, შემიძლია კომენტარი გავაკეთო 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ამოქმედდა ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ, ამ დროისთვის აუცილებელია დაბადების მოწმობაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შტამპის დადება. ამ ფუნქციას ასევე ასრულებს რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ვიმეორებ, ეს ეხება 14 წლამდე ბავშვებს და, პირველ რიგში, მათ, ვისაც უცხოური პასპორტი არ აქვს. თუ ბავშვს აქვს მოქმედი საერთაშორისო პასპორტი, მას შეუძლია ამ პასპორტით და მოქმედი დაბადების მოწმობით საზღვრის გადაკვეთა ყოველგვარი კითხვების გარეშე“, - განაცხადა საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსმა ეკატერინა პავლოვამ.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთაზე საუბრისას პავლოვამ აღნიშნა, რომ ეს არის „სასაზღვრო სამსახურის ექსკლუზიური კომპეტენცია“.
„რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ უნდა გადაკვეთოს საზღვარი მოქმედი საერთაშორისო პასპორტით. ხოლო თუ ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქე აპირებს გამგზავრებას, გულისხმობს საზღვრის გადაკვეთას შიდა პასპორტით, მაგალითად, აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლა შიდა პასპორტით შეიძლება, მაშინ ეს დოკუმენტი უნდა იყოს მოქმედი და არ ბადებდეს კითხვებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ გაეცნოთ დოკუმენტების მოქმედების პერიოდს. და თუ ხედავთ, რომ ექვს თვეში, მაგალითად, თქვენი საერთაშორისო პასპორტის ვადა ამოიწურება, სასურველია წინასწარ მიმართოთ საკონსულო დეპარტამენტს განაცხადით და შეავსოთ დოკუმენტები“, - დასძინა მან.
0
0