27/11/2022
18:22
სამართალი
პროკურატურამ დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
"საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში.
ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდაცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირები შეიჭრნენ. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
0
0