15/10/2024
13:27
არჩევნები 2024
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორის, ქრისტინა ფარჯიანის განცხადებით, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები, ამასთან, გავრცელებული გზავნილები, მნიშვნელოვანწილად, თანხვედრაში მოდის მმართველი გუნდის გზავნილებთან.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, აქტუალური იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობის შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, მსგავსი გზავნილები კი ვრცელდებოდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ინფორმირებას მიზნით რუსეთიდან მართულ „ფეისბუქგვერდზეც“.
„სამართლიანი არჩევნები“ სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნით ანონიმურად მოქმედი აქტორების საინფორმაციო კამპანიას მუდმივ რეჟიმში აკვირდება.
საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ანონიმურად მიმდინარე არაეთიკური კამპანია, რაც პოლიტიკური ოპონენტების (ძირითადად, ოპოზიციური პარტიების), ასევე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, ოფიციალური აქტორების მიერ გავრცელებულ ნარატივებშიც აისახა. ამგვარი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უკვე პროსახელისუფლებო მედიაშიც ვრცელდება. ამასთანავე, მმართველი გუნდის რიტორიკაში შეთქმულების თეორიები, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილები გამოჩნდა, რის შედეგადაც ხელისუფლების მხარდამჭერმა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კამპანიამ ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი შინაარსიც შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ნარატივების უმეტესი ნაწილი (ნაციონალისტური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ჰომოფობიური) ნასესხებია საქართველოში მოქმედი და სოციალურ მედიაში წარსულში ან ამჟამადაც აქტიური სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფისაგან („ქართული მარში“, „ალტ ინფო“ და სხვ.) და წინასაარჩევნო კონტექსტში მმართველი პარტიის ან მისი მხარდამჭერი გვერდების მიერ, მასშტაბური სახით, პირველად გამოიყენება.
წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები. ამასთან, გავრცელებული გზავნილები, მნიშვნელოვანწილად, თანხვედრაში მოდის მმართველი გუნდის გზავნილებთან. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით, აქტუალური იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობის შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორიები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზავნილები ვრცელდებოდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ინფორმირებას მიზნით რუსეთიდან მართულ „ფეისბუქგვერდზეც“.
Meta-ს მიერ პლატფორმაზე საკუთარი რეგულაციების ეფექტურად გამოყენებამ და არაავთენტური კოორდინირებული ქცევისთვის ანონიმური ქსელების არაერთმა წაშლამ, ასევე ახალი სოციალური ქსელების გამოჩენამ, მათ შორის „ტიკტოკის“ პოპულარობის ზრდამ, საინფორმაციო კამპანიების გავრცელებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. „ტიკტოკზე“ განსაკუთრებით გაზრდილია, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური აქტორების ჩართულობა და კონკრეტულად ამ პლატფორმისთვის შექმნილი „კონტენტის“ რაოდენობა.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში აქტიური იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში რეგისტრირებული 17 საარჩევნო სუბიექტისა და მათთან გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების 214 „ფეისბუქგვერდი“, 7 პოლიტიკური გაერთიანების/კოალიციის, 17 „ინსტაგრამის“ ანგარიში, აგრეთვე 10 გაერთიანების „ტიკტოკის“ 20 არხი. ამავდროულად, მოცემული პლატფორმები აქტიურად გამოიყენებოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერთა უმრავლესობის მიერაც.
პოლიტიკური გაერთიანებების ორგანიზაციულ „ფეისბუქგვერდებს“ შორის ყველაზე აქტიური „ხალხის ძალის“ ოფიციალური გვერდი იყო, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 246 პოსტი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ პოსტებზე ფეისბუქმომხმარებელთა ინტერაქციით კი „ქართული ოცნების“ მთავარი ოფიციალური გვერდი გამოირჩეოდა. ამ გვერდის პოსტებზე რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამურმა რაოდენობამ დაკვირვების ქვეშ მყოფი ყველა ოფიციალური პარტიული გვერდის ჯამური ინტერაქციის 49% შეადგინა. ინტერაქციის გამორჩეულად მაღალი სიდიდე, ძირითადად, პარტიის გვერდზე რეკლამების აქტიურმა განთავსებამ განაპირობა;
პოლიტიკური გაერთიანებების მიერ „ფეისბუქზე“ წარმოებული კამპანიის ძირითადი გზავნილები მათ მიერ ხშირად გამოყენებულ სიტყვებში გამოიხატება. მაგალითად „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ოფიციალურ „ფეისბუქგვერდებზე“ გამოქვეყნებული პოსტების ტექსტში, პარტიების სახელწოდებასთან ერთად, სხვადასხვა ბრუნვაში ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორის იყო: „მშვიდობა“, „ქართველი“/„ქართველები“, „ომი“, „ეკლესია“, „საკონსტიტუციო“, „ნაციონალური“, „რადიკალური“/„რადიკალები“, „ღირსება“ და სხვ; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ (ენმ) და მისი პარტნიორი პოლიტიკური პარტიების გვერდებზე ხშირად გამოიყენებოდა „რუსეთი“/„რუსული“/„რუსი“, „ევროპა“/„ევროპული“, „ვიმარჯვებთ“/„გავიმარჯვებთ“, „იზოლაცია“, „კეთილდღეობა“, „გილოცავთ“, „ევროკავშირი“ და სხვა სიტყვები; „ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში შემავალი პარტიების შემთხვევაში კი აქტუალური იყო ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „რეალური ალტერნატივა“, „ჩვენ შევძლებთ“, „ილია“, „ევროპა“/„ევროპული“, „ბიძინა“ და ა.შ;
„ინსტაგრამზე“ აქტივობის მასშტაბი და მომხმარებელთა ინტერაქციის სიდიდე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფეისბუქზე არსებულ ტენდენციებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გაერთიანებები მაინც აღწევენ ინსტაგრამის აუდიტორიამდე, რისთვისაც რეკლამების განთავსების შესაძლებლობას მიმართავენ;
„ტელეგრამზე“ საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერების, აგრეთვე, პარტიული მედიასაშუალების, „ალტ-ინფოს“, არხები იყო. არხებზე გამოქვეყნებული პოსტების ჯამურმა ნახვამ 2 011 496 შეადგინა”, - განაცხადა ქრისტინა ფარჯიანმა.
0
0